ნაკრები ცვლილების გარეშე - შემადგენლობა ესპანეთთან მატჩისთვის
მსოფლიოს 2027 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპს საქართველოს ნაკრები ხვალ ესპანეთის ეროვნულ გუნდთან საშინაო მატჩით დაასრულებს. ქართველმა კალათბურთელებმა მეორე შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობის უფლება დიდი ხნის წინ მოიპოვეს, თუმცა ამ შეხვედრებში დაფიქსირებულ შედეგს მაინც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან პირველ საკვალიფიკაციო ციკლში დაგროვებული ქულები გუნდებს მეორე შესარჩევ ეტაპზეც გადაჰყვებათ.
ალექსანდარ ჯიკიჩმა ესპანელებთან თამაშისთვის შემადგენლობა რამდენიმე წუთის წინ დაასახელა და განაცხადი უცვლელია - ესპანელებთან თამაშისთვისაც ზუსტად ის 12 მოთამაშე მოემზადება, რომელთაც რამდენიმე დღის წინ უკრაინასთან წაგებულ მატჩში ითამაშეს. ჩვენს გუნდს ერთადერთი დანაკლისი აქვს სანდრო მამუკელაშვილის სახით, რომელიც სატრანსფერო საკითხების მოგვარებით იყო დაკავებული და რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი „ლეიკერსთან“ გააფორმა.
საქართველოს ნაკრები
0.ალექსანდრე მერკვილაძე, 2.მარკიზ რიდი, 4.რატი ანდრონიკაშვილი, 6.კახა ჯინჭარაძე, 7.ბექა ბურჯანაძე, 10.დუდა სანაძე, 11.გიორგი ტურძილაძე, 12.გიორგი კორსანტია, 15.ალექსანდრე ფევაძე, 23.თორნიკე შენგელია, 35.გოგა ბითაძე, 77.გიორგი ოჩხიკიძე.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფის ლიდერი ხუთიდან ხუთი მოგებით ესპანეთის ნაკრებია, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა კი ხუთიდან მხოლოდ ორი მატჩი მოიგო და 7 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. საქართველო - ესპანეთის მატჩი ხვალ, „თბილისი არენას“ დარბაზში 19:15 წუთზე დაიწყება.