2 გოლი კასილასის კარში | დინამო ბათუმში ბრაზილიელი ფორვარდი ითამაშებს
Aa
Aa

2 გოლი კასილასის კარში | დინამო ბათუმში ბრაზილიელი ფორვარდი ითამაშებს

დინამო ბათუმის შემადგენლობაში 32 წლის ბრაზილიელი ფორვარდი მაურიდესი ითამაშებს. პოლონური GOAL-ის ინფორმაციით, მაურიდესს პორტუგალიის რანგით მეორე ლიგის კლუბიც იწვევდა, თუმცა ფეხბურთელმა არჩევანი ქართულ კლუბზე შეაჩერა.

მას ბრაზილიის სერია A-სა და ბუნდესლიგა 2-ში უთამაშია, თუმცა კარიერის საუკეთესო წლები პორტუგალიის უმაღლეს ლიგასა და პოლონეთის ექსტრაკლასაში გაატარა.

პროფესიული კარიერა ბრაზილიურ ინტერნასიონალში დაიწყო, სადაც მისი თანაგუნდელი დიეგო ფორლანი იყო.

პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში აროუკასა და ბელენენსეშის რიგებში საერთო ჯამში 77 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა (6 თავით) და 8 საგოლე პასი შეასრულა.

საინტერესოა, რომ პორტუგალიაში თამაშისას, როცა პორტუს კარში იკერ კასილასი იდგა, ლეგენდარულ ესპანელ მეკარეს ორ სხვადასხვა მატჩში გაუტანა. პირველად 2015-16 წლების სეზონში, როცა აროუკას ღირსებას იცავდა. მეორედ 2017-18 წლების სეზონში, როცა ბელენენსეშმა შინ პორტუს 2:0 მოუგო, მეორე გოლი მაურიდესის ანგარიშზეა, თავით ეფექტურად გაიტანა.

2018 წელს პორტუგალიის ჩემპიონატი დატოვა და კარიერა სოფიის ცსკა-ს დაუკავშირა, სადაც ასევე შედეგიანი იყო, 2018-19 წლების სეზონში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.

ჩინურ ჩანჩუნ იატაისა (2019 წელი) და კორეულ ანიანგში (2020) თამაშის შემდეგ 2021 წელს პოლონურ რადომიაკ რადომში გადავიდა. საერთო ჯამში ექსტრაკლასას 81 მატჩში მის აქტივში 17 გოლი და 10 საგოლე პასია. მეორე სართულზე კარგი თამაშით გამოირჩევა, აღნიშნული 17 გოლიდან 8 თავით გაიტანა.

2022 წელს გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის ზანქტ-პაულის ფეხბურთელი გახდა, თუმცა ამ გუნდში თავი ვერ დაიმკვიდრა, მთავარი მიზეზი მენისკის ტრავმა იყო, იჯარით უნგრულ დებრეცენში ითამაშა, გასულ სეზონში რადომიაკ რადომში დაბრუნდა, კარგი სეზონი ჰქონდა, ექსტრაკლასას 34 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა (12 საგოლე მოქმედება).

მაურიდესი მისი გამოცდილების გათვალისწინებით საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში საკმაოდ შედეგიანი უნდა იყოს.

Transfermarkt-ის მონაცემებით, მაურიდესს რადომიაკ რადომთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებდა, თუმცა შესაძლოა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა ან დინამო ბათუმმა გამოისყიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები