გოჩოლეიშვილი შახტარში ბრუნდება | ჰამბურგის ოფიციალური განცხადება
„ჰამბურგმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და საკუთარ გულშემატკივარს აუწყა, რომ გიორგი გოჩოლეიშვილის კონტრაქტს არ გამოისყიდის. ქართველი ფეხბურთელი გერმანულ კლუბში იჯარის წესით თამაშობდა და „შახტარში“ დაბრუნდება.
„ჰამბურგი იჯარის წესით დამატებულ ექვს ფეხბურთელს, ფაბიო ვიეირას, ლუკა ვუშკოვიჩს, გიორგი გოჩოლეიშვილს, ალბერტ გრონბაეკს, ფილიპ ოტელესა და დემიონ დაუნსს მადლობას უხდის. ამჟამინდელი ვითარებით, პირველი ივლისიდან ისინი თავიანთ კლუბებს დაუბრუნდებიან“, — ნათქვამია განცხადებაში.
„მათ გუნდისა და კლუბის მიმართ უდიდესი ერთგულება გამოიჩინეს, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. რაც შეეხება „ჰამბურგში“ შესაძლო მომავალს, უახლოეს დღეებში სხვადასხვა მხარესთან მოლაპარაკებებს გავმართავთ“, — აღნიშნა კლუბის სპორტულმა დირექტორმა, კლაუს კოსტამ. ამ უკანასკნელის სიტყვებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „ჰამბურგი“ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელების კლუბებთან დაკავშირებას აპირებს და შესაძლოა, ახალი გარიგება დაიდოს, თუმცა გერმანული პრესის მიხედვით, „შახტარი“ ერთ-ერთი მათგანი არ არის.
MOPO-ს ინფორმაციით, „ჰამბურგი“ გოჩოლეიშვილის კონტრაქტს არ გამოისყიდის. გერმანელებმა საბოლოო არჩევანი უკვე გააკეთეს და გიორგის ჰამბურგული თავგადასავალი დასასრულს მიუახლოვდა.