„გოჩოლეიშვილის სახით უნივერსალი დავიმატეთ, ტაბატაძე კი...“ - კადისში ქართველებზე ისაუბრეს
ესპანური „კადისის“ სპორტულმა ხელმძღვანელებმა, მარიო ფუენტესმა და ხავიერ მუნიოსმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს განხორციელებული გარიგებები შეაფასეს და გიორგი გოჩოლეიშვილის შესახებაც ისაუბრეს. კლუბის ხელმძღვანელებმა იური ტაბატაძეზეც გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ მისი გამოჯანმრთელების შემდეგ „კადისს“ დიდი ძალა დაემატება.
„გოჩოლეიშვილის სახით, მარჯვენა მცველის პოზიციაზე დავიმატეთ როგორც დაცვითი, ისე შემტევი პროფილის მოთამაშე. „გოჩოს“ უნივერსალობა დასაფასებელია, რადგან ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში და ასევე, გარემარბად თამაშის გამოცდილებაც აქვს.“
„იური ტაბატაძეს“ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. სამწუხაროდ, სეზონის პირველ ნახევარში მისი თამაში რთული იქნება…“, - განაცხადეს „კადისის“ წარმომადგნელებმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას.
„კადისმა“ ლა ლიგა 2-ის ახალ სეზონში 3 მატჩი გამართა და სამივე ფრედ ითამაშა. შესაბამისად, 3 ქულით ქართველების გუნდი მე-17 პოზიციაზე იმყოფება. გიორგი გოჩოლეიშვილი გასულ ტურში „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იყო, იური ტაბატაძე კი მოედანზე იანვრის შემდეგ არ გამოჩენილა. სამწუხაროდ, 19 იანვარს ტაბატაძემ „ალბასეტეს“ წინააღმდეგ მუხლზე მყესი გაიწყვიტა, რის გამოც გასული სეზონის დარჩენილი ნაწილი გაუცდა და ამ დრომდე უცნობია, როდის შეძლებს დაბრუნებას.