22 წლის შემდეგ და ისტორიაში მეოთხედ | არსენალმა პრემიერლიგა მოიგო
ინგლისის პრემიერლიგის 2025-26 წლების სეზონის გამარჯვებული ლონდონის არსენალია, „მეთოფეებმა'' ინგლისის ელიტარული ჩემპიონატი 22-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგეს. 37-ე ტურში ბორნმუთმა შინ მან. სიტისთან ფრედ 1:1 ითამაშა. პეპ გუარდიოლას გუნდი 78 ქულით მეორე ადგილზეა და ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე არსენალს 5 ქულით ჩამორჩება.
ბორნმუთი ელი ჯუნიორ კრუპის გოლით იგებდა, მატჩის მიწურულს ერლინგ ჰოლანდმა გაათანაბრა.
ლონდონის არსენალმა პრემიერლიგა მეოთხედ მოიგო (1997-98, 2001-02, 2003-04, 2025-26), ინგლისის ჩემპიონი მე-14-ედ გახდა (1930–31, 1932–33, 1933–34, 1934–35, 1937–38, 1947–48, 1952–53, 1970–71, 1988–89, 1990–91, 1997–98, 2001–02, 2003–04, 2025-26).
44 წლის მიკელ არტეტა არსენალს 2019 წლის დეკემბრიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით არსენალმა ინგლისის ასოციაციის თასი (2019-20) და ქომუნითი შილდი (2020, 2023) მოიგო. ბასკი სპეციალისტი კიდევ ერთ ტიტულს უმიზნებს, 30 მაისს მიკელ არტეტას გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ს დაუპირისპირდება.