„ბოდიში არაფერს ცვლის“ - როტენი მესის აკრიტიკებს
„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერომ როტენმა ლიონელ მესი გააკრიტიკა. „ლა პულგამ“ საუდის არაბეთში წასვლის გამო, ბოდიში მოიხადა და როტენი სწორედ არგენტინელი სუპერვარსკვლავის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„მესი შეცდა და აღიარა კიდეც, რაც ნიშნავს, რომ პარი სენ-ჟერმენი სწორად მოიქცა, მას სასჯელი რომ დაუწესა. კლუბის ხელმძღვანელი არ ვარ, მაგრამ ჩემი მოსაზრება მარტივია და პასუხისმგებლობა მესიზე გადამაქვს. მან კლუბში 2 წელიწადი გაატარა და საკითხავია, მოედანზე თავისი მაქსიმუმი გაიღო თუ არა, რათა ეს ქმედება ვაპატიოთ? ამ შეკითხვაზე პასუხი ცალმხრივად უარყოფითია!
ჩემი აზრით, პარი სენ-ჟერმენს მესი არ სჭირდება, რათა საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგოს. სამწუხაროა, მაგრამ ბოდიში არაფერს შეცვლის და წარმოდგენა არ მაქვს, რატომ თქვა, რომ მოგზაურობას ვერ გადადებდა. მისი სამსახური რა არის? გამოეწყოს და დიდი ფული მიიღოს თუ ფეხბურთი ითამაშოს და პარი სენ-ჟერმენი, რაც შეიძლება, კარგად წარმოაჩინოს?“
შეგახსენებთ, რომ „ლორიენთან“ მატჩის შემდეგ, „ლა პულგა“ საუდის არაბეთში გაემგზავრა, რაზეც კლუბისგან თანხმობა არ მიუღია. ამის გამო, პსჟ-მ ლეო დასაჯა და 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. მესი საფრანგეთის ლიგა 1-ის უახლოეს ორ შეხვედრას გამოტოვებს, „ტრუასთან“ გასვლით დაპირისპირებაში (7 მაისი) და „აიაჩოსთან“ საშინაო მატჩში (13) იგი მოედანზე არ იქნება.