ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კლუბი მიაგდო და გაიქცა“ - რუსული გამოცემის სტატია ხვიჩაზე

რუსული სპორტული გამოცემა, Sportbox.ru „ნაპოლის“ წარმატებას გამოეხმაურა და ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერა. „ხვიჩას გამო არ უნდა გიხაროდეთ. ქართველმა კლუბი მიაგდო და რუსეთიდან გაიქცა“, - ასეთია სტატიის სათაური და აი, რას წერს რუსული გამოცემა:

„ხუთშაბათს, ნაპოლი, 33-წლიანი პაუზის შემდეგ, იტალიის ჩემპიონი გახდა და ნეაპოლი ექსტაზამდე მიიყვანა. პარტენოპეის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი რუსი ქომაგებისთვის კარგად ნაცნობი ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ, რომელიც შარშან რუბინის ღირსებას იცავდა და კლუბთან ერთად, რუსეთის პრემიერ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა. ერთი სეზონის განმავლობაში, ქართველი ახალგაზრდას სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონამდე გაიზარდა. სამწუხაროდ, რუსულმა კლუბმა მის სანაცვლოდ ვერაფერი მიიღო და ამაში როგორც რუბინი, ისე თავად ფეხბურთელია დამნაშავე, რომელიც არც თუ ისე ლამაზად მოიქცა.

18 წლის ბიჭუნა რუსეთში 4 წლის წინ გამოჩნდა. ლოკომოტივის სელექციონერები მას აქტიურად აკვირდებოდნენ და კონტრაქტი 2018-19 წლების ბოლომდე გაუფორმეს. იური სიომინს ტექნიკური და თავხედი გარემარბი ძალიან მოეწონა, თუმცა კლუბში გადაწყვეტილება სხვა ადამიანებმა მიიღეს. მაშინ მის აგენტთან შეთანხმება არ შედგა, რადგან გენერალური დირექტორი, ვასილი კიკნაძე მათ ხელშეკრულებას 1+3 სქემით სთავაზობდა. კლუბში უნდოდათ, ხვიჩას კიდევ დაჰკვირვებოდნენ და მისთვის მაღალი ანაზღაურება ამის შემდეგ დაენიშნათ, რაც კვარაცხელიას არ აწყობდა.

სიტუაციით რუბინმა ისარგებლა, რომელმაც მამუკა ჯუღელთან კარგი ურთიერთობა დაამყარა. სლუცკის ხვიჩა ძირითად შემადგენლობამდე ნელ-ნელა მიჰყავდა და რუსი სპეციალისტი იხსენებს, რომ ვარჯიშებისას, მასზე აღებული ხისტი ჯარიმების შემდეგ, იგი ხშირად ტიროდა, თამაშისას კი კონტაქტს თავს არიდებდა. კვარა რუბინში ბოლომდე 2020-21 წლების სეზონში გაიხსნა და რუსეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო დრიბლიორის სტატუსი დაისაკუთრა. ევროპაში მის მიმართ ინტერესი გაჩნდა, ყაზანურ კლუბში კი მოუთმენლად ელოდნენ, მის სანაცვლოდ დიდ თანხას როდის მიიღებდნენ. კვარაცხელიას მანჩესტერის, ინტერის, იუვენტუსისა და ატალანტას წარმომადგენლები აკვირდებოდნენ, მაგრამ კონკრეტულ წინადადებამდე საქმე არ მისულა. ყველაზე ახლოს გლადბახი იყო, მაგრამ გერმანელთა შეთავაზებამ რუბინი ვერ დააკმაყოფილა.

რუბინი ხვიჩას სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვდა. ყაზანელებს ცოტა ნაკლები რომ მოეთხოვათ, კლუბის ბიუჯეტი სერიოზული თანხით შეივსებოდა. არშემდგარმა ტრანსფერმა ხვიჩას მოტივაციას დიდი დარტყმა მიაყენა და 2021-22 წლების სეზონში, რომელიც რუბინისთვის წარუმატებელი იყო, იგი საკუთარი თავის აჩრდილი გახლდათ. სუსტი თამაშის მიუხედავად, მის მიმართ ინტერესი არ გამქრალა. რუბინს ისევ ჰქონდა იმედი, რომ სეზონის ბოლოს სოლიდურ კომპენსაციას მიიღებდა, მაგრამ 2022 წლის შემოდგომაზე, რუსულ კლუბებს ფიფას გადაწყვეტილება დაატყდათ თავს. ლეგიონერებმა კონტრაქტის გაწყვეტისა და წასვლის უფლება მიიღეს. ასეთ ვითარებაში, კლუბებს ფეხბურთელთა ღირსებისა და მადლიერების გრძნობის იმედი დარჩათ, მაგრამ კვარაცხელიას შემთხვევაში, მსგავსი არაფერი ყოფილა. გასული წლის მარტში, მან 3 მატჩის ჩატარება მოასწრო და რუსეთში კარიერა ცსკა-სთან განცდილი გამანადგურებელი მარცხით დაასრულა - 1:6.

რუსეთის პრემიერ ლიგას ხვიჩა მარცხენა ფლანგზე გაკეთებული ფინტებით დაამახსოვრდა, მაგრამ ყველაზე უსიამოვნო ფინტი მოედნის მიღმა გააკეთა. რუსეთიდან ევროპაში პირდაპირ გადასვლა რთული იყო. ამიტომ, მისმა წარმომადგენლებმა ეშმაკური სქემა შეიმუშავეს. მათ ხვიჩას კონტრაქტი შეაჩერეს, შემდეგ კი გაწყვიტეს. კვარაცხელიამ სეზონი დინამო ბათუმში დაასრულა, ხოლო მრავალმილიონიანი ტრანსფერის ნაცვლად, რუბინს ხელში არაფერი შერჩა.

ბიზნესის თვალსაზრისით, ასეთი სქემა ლოგიკურია, მაგრამ მორალურ ასპექტს რას ვუშვრებით? რუბინი და სლუცკი კვარაცხელიას პროგრესის მიღწევაში დაეხმარნენ და ფიზიკურად და მენტალურად ის სწორედ ყაზანში გაძლიერდა. კვარაცხელია სიტყვებით რუბინისადმი და სლუცკისადმი პატივისცემას ყოველთვის გამოხატავდა, მაგრამ მისი საქციელი ლამაზი არ ყოფილა.

რუბინს კაპიკები შერჩა და დინამო ბათუმის მიერ მიღებული თანხის პატარა პროცენტს დასჯერდა. 20 მილიონი ევროს ნაცვლად, ყაზანელებმა დაახლოებით 120 000 გამოიმუშავეს. რუბინმა არაოფიციალური არხებიდან რაღაც თანხა მიიღო. ყოველ შემთხვევაში, მამუკა ჯუღელი ასე ამბობს და მისი განცხადების გადამოწმება რთულია. იტალიაში გატარებულ პერიოდში, Transfermarkt-ზე ხვიჩას ღირებულება 15-დან 85 მილიონამდე გაიზარდა და ეს ფინიშის ხაზი არაა. მანჩესტერ სიტის ან რეალის მსგავს კლუბებს თავისუფლად შეუძლიათ, მის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადონ. ასეთ შემთხვევაში, რუბინი დაახლოებით 1 მილიონს მიიღებს, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ყაზანელებს „სამართლიანი“ ტრანსფერის შემთხვევაში უნდა მიეღოთ“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირდაპირ ეთერში ატირდა - სპალეტიმ ტიტული გარდაცვლილ ძმას მიუძღვნა
პირდაპირ ეთერში ატირდა - სპალეტიმ ტიტული გარდაცვლილ ძმას მიუძღვნა