ჯოელ ემბიდი, ჯეისონ ტეიტუმი, ჯეილენ ბრაუნი, ჯეიმს ჰარდენი, მალკოლმ ბროგდონი, ტაირიზ მაქსი, პოლ რიდი, ტობაიას ჰერისი
Aa
Aa

ჯეიმს ჰარდენის შოუ | წვერამ თიდი გარდენი დაადუმა

NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერია საოცარი მატჩით გაიხსნა და „ბოსტონ სელტიქსი“ საკუთარ კედლებში, „თიდი გარდენში“ „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ დაუპირისპირდა. „ფილამ“ ჯოელ ემბიდის გარეშე ითამაშა, რომელსაც ტრავმა აწუხებს და ამის გამო, „ბოსტონს“ აშკარა ფავორიტად მოიაზრებდნენ, თუმცა ჯეიმს ჰარდენი სხვა აზრზე იყო.

„ბოსტონისა“ და „ფილადელფიას“ მატჩი, პირველიდან ბოლო წუთამდე, ქულა-ქულაში წარიმართა. შეხვედრაში თანაბარი ანგარიში 14-ჯერ იყო, ლიდერი 16-ჯერ შეიცვალა და ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. საფინალო სირენამდე 1 წუთითა და 14 წამით ადრე, „ბოსტონი“ 3 ქულით იგებდა. პოლ რიდმა საჯარიმოებით ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა, ტაირიზ მაქსიმ კი ორქულიანით საკუთარი გუნდი 1 ქულით დააწინაურა. მაქსის 2 საჯარიმოთი ჯეისონ ტეიტუმმა უპასუხა - 115:114.  მატჩის დასრულებამდე 26 წამით ადრე, ბურთი „ფილადელფიას“ დარჩა. ჯეიმს ჰარდენმა მომდევნო შეტევაში უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და „სიქსერსმა“ საქმე ბოლომდე მიიყვანა - 119:115.

ჰარდენს პლეიოფში კარიერის ალბათ საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა. მან თავისი საპლეიოფო რეკორდი, 45 ქულა გაიმეორა, 30-დან 17 ბურთი ჩააგდო, 14-დან 7 სამქულიანი გამოიყენა და 6 ასისტი და 2 ჩაჭრაც მიითვალა. „წვერა“ ბოლო 50 წლის განმავლობაში „ფილადელფიას“ მეორე კალათბურთელია, რომელმაც პლეიოფში 45 ქულა ჩააგდო. ჰარდენი ალენ აივერსონს გაუთანაბრდა. „წვერას“ გარდა, 26 ქულითა და 4 ჩაჭრით ტაირიზ მაქსი გამოირჩა, ტობაიას ჰერისს 18 ქულა ჰქონდა, დეანტონი მელტონმა 17 ქულა გააკეთა, ხოლო პოლ რიდმა - 10 ქულა, 13 მოხსნა.

„ბოსტონს“ ჯეისონ ტეიტუმმა ულიდერა, რომელსაც ძალიან მაგარი თამაში ჰქონდა - 39 ქულა, 11 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა. ჯეილენ ბრაუნმა 23 ქულა დააგროვა, მალკოლმ ბროგდონი კი 20 ქულას დასჯერდა. ცნობისთვის, „ფილადელფიასა“ და „ბოსტონის“ მომდევნო შეხვედრას 4 მაისს ვიხილავთ და მატჩი თბილისის დროით, 04:00-ზე დაიწყება.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხელები შორს კვარაცხელიასგან!“ - SpazioNapoli ხვიჩას იცავს
„ხელები შორს კვარაცხელიასგან!“ - SpazioNapoli ხვიჩას იცავს