ოცნება აუსრულა | რაიან რეინოლდსი რექსემის ქომაგებს შეხვდა
ცნობილი მსახიობი, რაიან რეინოლდსი საფეხბურთო კლუბ „რექსემის“ მფლობელია და „წითელი დრაკონების“ თამაშს ხშირად ესწრება. ინგლისის რანგით მე-5 დივიზიონის, „ნაციონალური ლიგის“ ბოლოსწინა ტურში, „რექსემმა“ „ბორეჰემ ვუდი“ 3:1 დაამარცხა და ლიგა 2-ში აღზევდა.
მატჩის შემდეგ, რეინოლდსმა წარმატება ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა და ორ გულშემატკივარს ოცნება აუსრულა. ჯეი ფიარი 45 წლის მამაკაცია, რომელსაც იანვარში სიმსივნე დაუდგინდა და ექიმებმა აუწყეს, რომ რამდენიმე თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. მისი ოცნება გარდაცვალებამდე რაიანთან შეხვედრა იყო და Deadpool-ის ვარსკვლავმა ფიარი გაახარა.
„ამბობენ, საკუთარ გმირებს არასდროს უნდა შეხვდეო, მაგრამ რეინოლდსი ნამდვილად გამონაკლისია. ის შესანიშნავი ადამიანი და საოცარი პიროვნებაა. იმედი მაქვს, ჩემს ოჯახს ეს მოგონება სამუდამოდ დარჩება და არასდროს დაავიწყდება, რაც აქ მოხდა“, - განაცხადა ჯეი ფიარმა.
რაიანმა 45 წლის მამაკაცს ხელთათმანიც გადასცა, რომელიც ზემოთ ხსენებულ ფილმში გამოიყენა. ფიარის გარდა, რეინოლდსი კეილებ ვებსაც შეხვდა. ეს უკანასკნელი 9 წლის ბიჭუნაა, რომელიც კრონის დაავადებას ებრძვის და ცნობილი მსახიობის საკუთარი თვალით ხილვა ძალიან უნდოდა.