მაიამი ჰიტი, მინესოტა ტიმბერვულვზი, დენვერ ნაგეთსი, მილუოკი ბაქსი
Aa
Aa

მილუოკიმ იანისის გარეშე მოიგო - ჯამალ მიურეიმ დენვერს 40 ქულით ულიდერა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის სერიის მეორე შეხვედრები გაიმართა. „მილუოკი ბაქსმა“ საკუთარ მოედანზე „მაიამი ჰიტს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 16-ქულიანი სხვაობით, 138:122 გაიმარჯვა. შედეგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 1:1.

მილუოკელებს გუნდის ლიდერი, იანის ანტეტოკუნმპო აკლდათ, თუმცა ამ დანაკლისის მიუხედავად, მასპინძლებმა მაინც მოახერხეს მოგება. იანისის არყოფნაში გუნდს ჯრუ ჰოლიდეიმ ულიდერა, რომელმაც ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო - 24 ქულა, 11 ასისტი, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა მოედანზე გატარებულ 32:49 წუთში. კარგი მატჩი ჰქონდა ბობი პორტისსაც, რომელმაც ჰოლიდეის მსგავსად, ორმაგი დუბლი შეასრულა - 13 ქულა, 15 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა, 2 ბლოკი. ქულების რაოდენობით ყველაზე მაღალი შედეგი კი ბრუკ ლოპესმა დააფიქსირა, რომელმაც მეტოქის ფარში 25 ქულა ჩააგდო.

რაც შეეხება მაიამის, სტუმრებს ჯიმი ბატლერმა ულიდერა, რომელმაც მოედანზე გატარებულ 28:18 წუთში 25 ქულა, 3 მოხსნა, 3 ასისტი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. გუნდის სხვა წევრებიდან 20-ქულიან ნიშნულს ვერავინ უწია. ამასთან ყველაზე ახლოს ბამ ადებაიო იყო, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო, 5-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

გუნდებს შორის სერიის მესამე მატჩი 23 აპრილს, მაიამიში გაიმართება.

დღესვე, სერიის მეორე შეხვედრა „მინესოტა ტიმბერვულვზმა“ და „დენვერ ნაგეთსმაც“ გამართეს. დენვერში ჩატარებული მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ მასპინძელთა გამარჯვებით, 122:113 დასრულდა.

საოცარი მატჩი ჰქონდა ჯამალ მიურეის, რომელმაც მინესოტელებს 40 ქულა ჩაუგდო. ამასთან, 3 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ჩაჭრაც მოაგროვა. გამორჩეული იყო ნიკოლა იოკიჩიც, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა და 1 ასისტი დააკლდა - 27 ქულა, 9 მოხსნა და 9 ასისტი. ორმაგი დუბლი კი აარონ გორდონმა შეასრულა - 12 ქულა, 10 მოხსნა, 3 ასისტი.

სტუმართა გუნდიდან გამორჩეული ენტონი ედვარდსი იყო, რომელმაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, თუმცა მისი ბრწყინვალე მატჩი მინესოტას გამარჯვებაში ვერ დაეხმარა. ედვარდსის ანგარიშზე 41 ქულა, 2 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 3 ბლოკი იყო.

ამ გამარჯვების შემდეგ, „დენვერ ნაგეთსი“ სერიაში 2:0 დაწინაურდა. გუნდებს შორის სერიის მესამე მატჩი 24 აპრილს, მინესოტაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მასპინძლების დღე | კლივლენდმა და ფინიქსმა გაათანაბრეს, ბოსტონმა მეორედ მოიგო
მასპინძლების დღე | კლივლენდმა და ფინიქსმა გაათანაბრეს, ბოსტონმა მეორედ მოიგო