რეალი ეჭვებშია - შეიძლება ჩუამენი გაყიდონ
ბოლო პერიოდის განმავლობაში აურელინ ჩუამენი „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება. მისი ადგილი ედუარდო კამავინგამ დაიკავა. მეტიც, 80 მილიონ ევროდ ნაყიდი ვარსკვლავი ვერც „მამლების“ შემადგენლობაში ხვდება. ამ საკითხთან დაკავშირებით AS საინტერესო სტატიას წერს.
AS:
„საფრანგეთში და მადრიდში ახალი ციკლი იწყება. ედუარდო კამავინგამ ჩუამენი დაჩრდილა. „მამლებმა“ ირლანდიასთან კარგად ვერ ითამაშეს და ძლივს გაიმარჯვეს, თუმცა კამავინგა მინდორზე თავს იდეალურად გრძნობდა და გამორჩეული იყო. ჩუამენი მინდორზე 81-ე წუთზე შევიდა და თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა.
აურელინის ეს კატასტროფა კატარში დაიბადა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში პენალტი ვერ გაიტანა. ამის შესახებ კარლო ანჩელოტიმაც აღნიშნა და განაცხადა, რომ თითქოს მან თავდაჯერებულობა დაკარგა და ისეთი ეფექტური აღარ არის. მიუხედავად ამისა, იტალიელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ ფრანგი ნახევარმცველი თავის საუკეთესო კონდიციებს დაიბრუნებს.

აღსანიშნავია ფაქტები, რომლებმაც ჩუამენის ხელი შეუშალეს. მუნდიალის დასრულებიდან სულ მალე მან ტრავმა მიიღო და რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მოუწია. ამის პარალელურად კამავინგამ თავი გამოიჩინა და ის, როგორც უკვე მოგახსენეთ ახლა „რეალის“ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლება. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიდან დღემდე, ედუარდომ 19 მატჩიდან 18-ში მიიღო მონაწილეობა.
„მონაკოს“ ყოფილი ფეხბურთელის იმედი ეროვნული ნაკრები იყო, სადაც მას დეშამი უსიტყვოდ ენდობოდა, მაგრამ, როგორც ხედავთ სიტუაცია „მამლებშიც“ შეიცვალა. ჩუამენი საკუთარ თავს არ ჰგავს და მადრიდში უკვე ფიქრობენ რამდენად სწორად გადაიხადეს 80 მილიონი. სიტუაცია თუ არ შეიცვლება, „ბლანკოსი“ მის გაყიდვაზე დაფიქრდება.“
