“უმაყურებლოდ ჩატარებაზე ან ჩაშლაზე ინფორმაცია არ გვაქვს“ - მუჯირი ისრაელთან მატჩზე
ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა უარყო ჭორები, თითქოს უსაფრთხოების მიზნით 26 მარტს თბილისში დანიშნული საქართველოსა და ისრაელის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება ან საერთოდ არ გაიმართება.
„ეს შეხვედრა დიდი ხნის წინ დაიგეგმა და ფიფა-ს ეგიდით ჩატარდება. ჯერჯერობით გეგმის მიხედვით ვმუშაობთ. ჩემს ისრაელელ კოლეგას გუშინაც ვესაუბრე და თამაშისთვის ჩვეულებრივად ემზადებიან. თუ მაყურებელთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იქნება, აუცილებლად მივაწვდით.
საქართველოს ნაკრები 23 მარტს შეიკრიბება და ისრაელსა და ლიეტუვასთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს. სანაკრებო „ფანჯარა“ მაქსიმალურად კარგად უნდა გამოვიყენოთ. სექტემბერ-ოქტომბერში, 10 დღეში 4 სანაკრებო თამაში გვაქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია მარტისა და ივნისის პერიოდში ამხანაგური თამაშებით მოვემზადოთ.
რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, რომ რუმინეთის შემდეგ ივნისში მეორე მატჩიც გავმართოთ“.
შეგახსენებთ, რომ ისრაელთან დაპირისპირების შემდეგ, ჯვაროსნების სტუმრად ლიეტუვას დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი 29 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 15:00-დან დაიწყება.
წყარო - 1TV