ნეგრეირას საქმე: უეფამ შესაძლოა ბარსა ევროტურნირებიდან 1 წლით მოკვეთოს
ნეგრეირას საქმეზე არსებული გამოძიების პარალელურად, უეფა „ბარსელონას“ აკვირდება და შესაძლოა კატალონიური კლუბი ევროტურნირებიდან მოკვეთოს.
როგორც მოგეხსენებათ, პროკურატურამ „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამოძიება სამსაჯო კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირასთვის 2001-2018 წლებში გადახდილი 7.3 მილიონი ევროს თაობაზე დაიწყო.
ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ „ბარსელონას“ წინააღმდეგ ვერცერთი მტკიცებულება ვერ იპოვა.
უეფას რეგულაციების თანახმად, კლუბებმა მატჩების შედეგებზე გავლენის მოხდენისთვის არალეგალური მეთოდები არ უნდა გამოიყენონ, როგორც ეროვნულ, ასევე საკლუბო დონეზე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას მოხსნას კლუბი ევროტურნირებიდან, მაგრამ ასეთი დისკვალიფიკაცია შეიძლება მხოლოდ 1 სეზონით გაგრძელდეს. გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მიღებული, რა დროსაც დიდი ალბათობით, ნეგრეირას საქმეზე გაცილებით მეტი დეტალი იქნება ცნობილი.
როგორც El Confidencial-ი აღნიშნავს, ევროპული ტურნირებიდან მოხსნის შემთხვევაში, „ბარსელონა“ მომავალ სეზონში მრავალმილიონიან ზარალს ნახავს. ლა ლიგის ახალი წესების მიხედვით, „ბარსა“ ეკონომიკურ ბერკეტებს ვეღარ გამოიყენებს, აქედან გამომდინარე უეფას ტურნირების მიღმა დარჩენის შემთხვევაში კლუბი სერიოზულ ფინანსურ ზარალს ნახავს.