ნაპოლი, მიუნხენის ბაიერნი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ბაიერნის რადარზე - ოსიმენს გერმანიაში ეპატიჟებიან

ვიქტორ ოსიმენის მიმართ ინტერესი იზრდება. ნიგერიელი თავდამსხმელის მიმართ ყველაზე დიდ ყურადღებას „მანჩესტერ იუნაიტედი“ იჩენს, თუმცა დღეს ავტორიტეტულმა გამოცემა Goal.Com-მა ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

ვიგებთ, რომ ვიქტორის გადაბირება მიუნხენის „ბაიერნს“ სურს. „რეკორდმაისტერი“ აქტიურად აკვირდება ნიგერიელის განვითარებას „ნაპოლიში“. გერმანელთა სურვილია, რომ ის ზაფხულში გადაიბირონ, მაგრამ პრობლემას სატრანსფერო ღირებულება წარმოადგენს.

„პარტენოპეის“ პრეზიდენტის თქმით, ოსიმენს როგორც მინიმუმ 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა, ხოლო მაქსიმალური თანხა 150 მილიონია. რა თქმა უნდა, ამ რაოდენობის თანხის გადახდას „ბაიერნი“ არ გეგმავს. თუ ოსიმენის ღირებულება შემცირდება, მიუნხენური გრანდი მის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, „ბაიერნი“ რობერტ ლევანდოვსკიმ დატოვა და „ბარსელონაში“ გადავიდა. ამ მომენტისთვის, ტომას ტუხელის გუნდს თავდამსხმელის პრობლემა აქვს. ამ პოზიციაზე ძირითადად ჩუპო-მოტინგი გვევლინება, რომელიც ძირითადი შემადგენლობის წევრად არასდროს განიხილებოდა.

პრობლემიურია სადიო მანე, რომელსაც გამუდმებით ტრავმები აწუხებს და ოპტიმალურ ფორმაში შესვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, „ბაიერნს“ ცენტრალური თავდამსხმელი ჰაერივით ესაჭიროება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები