მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატი იცვლება - ოფიციალური განცხადება დღეს გავრცელდება
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, ფიფა მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატს ცვლის. Sky Sports-ისა და The Athletic-ის ცნობით, დღეს ოფიციალური განცხადება გავრცელდება და მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო ცვლილებებს დაადასტურებს.
განახლებული ფორმატი მომდევნო მუნდიალზე ამოქმედდება, რომელსაც აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას 32-ის ნაცვლად, 48 გუნდი მიიღებს და ისინი არა 16 ჯგუფში, როგორც აქამდე იწერებოდა, არამედ 12 ჯგუფში გადანაწილდებიან.
The Athletic-ის მიხედვით, პლეიოფის საგზურს პირველზე და მეორე ადგილებზე გასული გუნდები მოიპოვებენ და მათ 8 საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატება. ამრიგად, პლეიოფის პირველ ეტაპზე 32 გუნდს ვიხილავთ და საბოლოოდ, მსოფლიო ჩემპიონატზე გამართული მატჩების რაოდენობა 64-დან 104-მდე გაიზრდება. ეს ფიფას საშუალებას მისცემს, მუნდიალიდან მიღებულმა შემოსავალმა 9 მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბოს.
ცნობისთვის, დღეს, რუანდას დედაქალაქ კიგალიში ფიფას მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართება და ცვლილებებს ოფიციალურად დაამტკიცებენ. განახლებული ფორმატით, მსოფლიო ჩემპიონს 7-ის ნაცვლად, 8 მატჩის გამართვა მოუწევს.