პიოტრი მერაბზე მძიმეა - დვალიშვილმა და იანმა წონა დააფიქსირეს
UFC-ის მომდევნო ღონისძიებას მთელი საქართველო მოუთმენლად ელის. კვირას დილით, მერაბ დვალიშვილი რუს მებრძოლს, პიოტრ იანს დაუპირისპირდება და დღეს, ტრადიციული აწონვების ცერემონია გაიმართა.
პირველი სასწორზე UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, იანი ავიდა და 61.69 კილოგრამი დააფიქსირა. პიოტრის შემდეგ, მერაბი გამოჩნდა და იგი რუსზე ცოტათი მსუბუქი აღმოჩნდა - 61 კილოგრამი. ამრიგად, ორივე მებრძოლმა წონა უპრობლემოდ ჩააბარა და ღონისძიების მთავარ მოვლენას ჩაშლა არ ემუქრება.
Merab Dvalishvili of course was not to be outdone. On the scale right after Yan. #UFCLasVegas pic.twitter.com/JXgT4gd0Ga
— Cageside Press (@Cagesidepress) March 10, 2023
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა.
იანს რაც შეეხება, რუსმა ბოლოს შონ ომალის წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა ბევრი ქომაგის აზრით, მოგება მას ეკუთვნოდა. რუს მებრძოლს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 მოგება და 4 მარცხია. იანმა ბოლო 4 შეხვედრიდან 3 დათმო და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-2 ადგილი სწორედ მას უკავია.