„დიდ ზიანს გვაყენებენ“ - მამარდას გუნდში მსაჯობით უკმაყოფილო არიან
ლა ლიგის 24-ე ტურში, „ბარსელონა“ „ვალენსიას“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით იმარჯვა - 1:0. მატჩის შემდეგ, „ღამურების“ დირექტორმა, მიგელ ანხელ კორონამ მსაჯობაზე ისაუბრა და 86-ე წუთზე მომხდარს გამოეხმაურა, როცა ფრანსისკო პერესი „ბარსას“ საჯარიმოში ფრანკ კესისთან კონტაქტის შემდეგ წაიქცა, მთავარმა არბიტრმა, ხავიერ როხასმა კი მომენტს არ გადახედა და კუთხური დანიშნა.
„სამწუხაროდ, მსაჯმა კუთხური გამოიგონა. ბარსელონას ფეხბურთელს ბურთზე არ უთამაშია. აშკარა შეცდომასთან გვაქვს საქმე და VAR-ი უნდა ჩარეულიყო, რადგან მისი არსებობის მიზანი სწორედ ესაა. ვიდეორეფერი საჭიროა, რათა შეხვედრის მთავარი მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომები გამოსწორდეს.
გასახდელში არ შევსულვარ, მაგრამ განმეორება ვნახე და დავინახე, რომ კესი ბურთს არ შეხებია. საუკეთესო, რის გაკეთებაც შეგვიძლია, ბრძოლის გაგრძელებაა, მაგრამ ასეთი მომენტები სელს გვიშლის და ძირს გვითხრის, რადგან გოლის გატანის აშკარა შანსი წაგვართვეს“.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასთან“ წაგებული მატჩის შემდეგ, „ვალენსიას“ 23 ქულა დარჩა და მე-19 ადგილზე იმყოფება. „ღამურები“ „სევილიას“, რომელიც მე-17 გახლავთ, 2 ქულით ჩამორჩებიან. მამარდაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 მარტს, „ოსასუნას“ წინააღმდეგ გამართავს.