პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

გუარდიოლას პარადოქსი: შიდა დომინაცია და ევროპული იმედგაცრუება

„მოვდივართ.! „რეალი“ არ უნდა მოდუნდეს — ისინი ჩვენზე მხოლოდ 13 ქულით წინ არიან. მათთვის მოვდივართ,“ — ასე ირონიულად ამბობდა პეპ გუარდიოლა 2023 წელს, როცა მანჩესტერ სიტი ისტორიაში პირველად გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. თუმცა დროის გასვლამ ეს განცხადება ნაკლებად წარმატებულად წარმოაჩინა.

„საქმე ჩემპიონთა ლიგის ერთხელ მოგებაში არ არის — მთავარი მუდმივად იქ ყოფნაა. არ გვინდა მოვიგოთ და შემდეგ გავქრეთ. გვინდა შვიდი-რვა წელი ზედიზედ ვიყოთ იქ და საბოლოოდ ისევ მოვიგებთ,“ — აცხადებდა გვარდიოლა ინტერის დამარცხების (1:0) შემდეგ, სტამბოლის ფინალში.

თუმცა ის დომინაცია, რომელიც გუნდმა ჰოლანდის, როდრის, ბერნარდო სილვას, რუბენ დიაშის, აკეს და სტოუნსის თაობით უნდა დაემყარებინა, ვერ გაგრძელდა. მეტიც, სხვა მნიშვნელოვანი ფიგურები — ედერსონი, აკანჯი, დე ბრუინი, გიუნდოგანი და გრილიში— უკვე აღარ არიან გუნდში.

„სიტიმ“ წარმატების გამეორება ვერ შეძლო — გუნდი ზედიზედ სამ სეზონში ნაადრევად გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას. სამივე შემთხვევაში მეტოქე რეალი იყო:

2023/24 — მეოთხედფინალი
2024/25 — პლეი-აუტი
2025/26 — მერვედფინალი

აღსანიშნავია, რომ 2008 წლიდან მოყოლებული, ეს პირველი შემთხვევაა, როცა გუარდიოლას გუნდი ზედიზედ ორ სეზონში ასე ადრე გამოეთიშა ტურნირს.

ჟურნალისტ მაიკლ კოქსის შეფასება (The Athletic):

„გუარდიოლამ შიდა ასპარეზზე უდიდეს წარმატება მიაღწია — ექვსი ჩემპიონობა, ორი FA Cup, ოთხი ლიგის თასი. თუმცა ათ წელიწადში მხოლოდ ერთი ჩემპიონთა ლიგის მოგება გარკვეულწილად იმედგაცრუებად უნდა ჩაითვალოს.“

ამ კრიტიკას თავად პეპმა ირონიით უპასუხა:

„მართალი ხართ, ალბათ ექვსი ჩემპიონთა ლიგა უნდა მომეგო, რომ წარმატებულ მწვრთნელად ჩამთვალონ.“

ესპანელმა სპეციალისტმა საკუთარ კარიერაში ჩემპიონთა ლიგაში მიღწეული შედეგებიც გაიხსენა — ბარსელონასთან ორი ტიტული, ბაიერნთან და სიტისთან არაერთი ნახევარფინალი და ფინალი, თუმცა ბოლო წლებში — აშკარა ჩავარდნა.

გუარდიოლამ ასევე აღნიშნა:

„მინდა, ამ კლუბში ისეთივე სტანდარტები იყოს, როგორიც „რეალშია“, სადაც ჩემპიონთა ლიგის მოგების გარეშე სეზონი წარუმატებლად ითვლება.“

მიუხედავად ყველაფრისა, პეპი ოპტიმისტურად არის განწყობილი:

„შეიძლება ამ დონემდე მივაღწიოთ. ჩვენ შესანიშნავი გუნდი ვართ, ძალიან კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ, მაგრამ ჯერ სრულყოფილები არ ვართ. დრო გვჭირდება, რომ ბევრი რამ შევცვალოთ.“

მიუხედავად ევროპული იმედგაცრუებისა, „სიტის“ ჯერ კიდევ აქვს ტიტულებისთვის ბრძოლის შანსი: გუნდი პრემიერ ლიგაში მეორე ადგილზეა, FA Cup-ის მეოთხედფინალში ლივერპულს შეხვდება, ხოლო ლიგის თასის ფინალში არსენალს დაუპირისპირდება.

თუმცა ჩემპიონთა ლიგა კვლავ დაუძლეველ გამოწვევად რჩება — სწორედ იმ დროს, როცა ჩანდა, რომ გუარდიოლა ახალ ეპოქას იწყებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები