ელ კლასიკო: ბარსამ რეალს მადრიდში პირველი ნახევარფინალი მოუგო
ესპანეთის სამეფო თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი და „ელ კლასიკო“ ვიხილეთ, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა და „ბარსელონას“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
პირველ ტაიმში „ბარსელონამ“ მეორე ნომრად ითამაშა და კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, ისიც გოლით დასრულდა. კესის დარტყმულის შემდეგ მილიტაომ ბურთი საკუთარ კარში შეაგდო.
„ბარსა“ პედრის, დემბელესა და ლევანდოვსკის გარეშე უფრო პრაგმატულ სტილში თამაშობდა, თუმცა პირველ ტაიმში დასახულ მიზანს მიაღწიეს.
მეორე ნახევარში საწყის წუთებში სურათი დიდად არ შეცვლილა. „რეალი“ დიდი ძალებით უტევდა, მაგრამ კარში ზუსტად ვერ ურტყამდა. ტერ შტეგენის კართან ხიფათი ვერ იქმნებოდა.
მადრიდელები ერთ მომენტში მეორე გაშვებულ გოლს ანსუ ფატის დამსახურებით გადაურჩნენ, როცა კესის დარტყმის შემდეგ, აშკარა გოლი გადიოდა, თუმცა ანსუ დარტყმულს გადაეღობა და მადრიდელები გადაარჩინა.
ანჩელოტის გუნდმა საბოლოოდ, შეხვედრა ისე დაასრულა, რომ კარში ზუსტად 1-ჯერაც ვერ დაარტყა.
ამრიგად, „ბარსამ“ მოიგო და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. განმეორებითი შეხვედრა „კამპ ნოუზე“ 5 აპრილს გაიმართება.