არც ოსიმენი, არც კვარა - ნაპოლის ერთი შეუცვლელი ფეხბურთელი ჰყავს, ეს ისევ დამტკიცდა
„რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიზე" ისაუბრა. იტალიელმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგაზე, „აინტრახტთან“ სტუმრად 2:0 მოგებული მატჩი შეაფასა და საკუთარი მოსაზრება, რომ „პარტენოპეის“ ერთადერთი შეუცვლელი ფეხბურთელი სტანისლავ ლობოტკაა, კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
„ნაპოლი ევროპაში ყველაზე ლამაზი და ეფექტური გუნდია. ლუჩანო სპალეტის ბიჭები ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ და ეს ევროპა ლიგის გასული გათამაშების გამარჯვებულთან, აინტრახტთანაც დაამტკიცეს. მტკივნეული 15 წუთის შემდეგ, სპალეტის ორი შეძახილი საკმარისი აღმოჩნდა, რათა მისი გუნდი მეტოქის ნახევარზე დამკვიდრებულიყო. ნაპოლის შეეძლო, 6 გოლი გაეტანა.
აინტრახტთან შეხვედრაში სტრატოსფერული მოთამაშე ვიხილე - სტანისლავ ლობოტკა. კვარაცხელია და ოსიმენი გაზეთების პირველ გვერდებზე გამოჩნდნენ, მაგრამ ამ ნაპოლიში მხოლოდ ერთი შეუცვლელი ფეხბურთელია - სტანისლავ ლობოტკა“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 62 ქულა აქვს და „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს. „პარტენოპეის" მომდევნო გაჩერება „ემპოლია", რომელსაც სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩი რამდენიმე საათში დაიწყება და თბილისის დროით, 21:00-ზეა ჩანიშნული.