„უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო“ - რა თქვა ზუროსმა მატჩის შემდეგ
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თავკაცმა, ილიას ზუროსმა ნიდერლანდებთან 88:80 მოგებული მატჩის შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა და „ნარინჯისფრებთან“ მოპოვებული გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ ეს თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კარგად ვიცოდით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად 2 გამარჯვება გვჭირდებოდა და დღეს, პირველი ნაბიჯი გადავდგით. როცა მეტოქეს 10 ქულით ჩამოვრჩებოდით, კალათბურთელებმა გამბედაობა იპოვეს და თამაშში დაბრუნდნენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და კვირას დაველოდებით, როცა ისლანდიასთან მატჩი გველის. ეს ჩვენთვის უდიდესი გამოწვევა იქნება და მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. ეს თამაში დასრულებულია და ახლა ისლანდიასთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ. ნიდერლანდებს კარგ თამაშს ვულოცავ. მათ ბოლომდე იბრძოლეს და ბრწყინვალე ახალი თაობა ჰყავთ. მინდა, კალათბურთელებს, სამწვრთნელო შტაბის წევრებს, კალათბურთის ფედერაციას, საქართველოსა და გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე იმყოფებოდნენ, მადლობა გადავუხადო და ეს გამარჯვება მივულოცო.
რა შევცვალეთ მეორე ტაიმში? სერიოზული ცვლილებები არ ყოფილა. პრობლემა ის იყო, რომ პირველ ნახევარში მეტოქემ ჩვენზე ბევრად მეტი სამქულიანი ჩააგდო. ძალიან ვნერვიულობდით, რაც ასეთი თამაშისას აბსოლუტურად გასაგებია და თავისუფალი სროლები გავაცუდეთ. შეცდომები დავუშვით, მეტოქეს უფლება მივეცით, პარკეტიდან მაღალი პროცენტით შეეტია, რამაც მათ თავდაჯერებულობა გაუჩინა და ეს შედეგზეც აისახა. მეორე ნახევარში უფრო მოტივირებული და კონცენტრირებული ვიყავით. პერიმეტრიდან და სამწამიანიდან რამდენიმე სროლა გამოვიყენეთ და ყველაფერი გამარტივდა. ვიმარჯვებთ, როგორც გუნდი და ვმარცხდებით, როგორც გუნდი".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მომდევნო შეხვედრა კვირას ელის და ისლანდიასთან გამარჯვების შემთხვევაში, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ისტორიაში პირველად მოიპოვებს.