აზარსა და ანჩელოტის დაძაბული ურთიერთობა აქვთ | ერთმანეთთან თითქმის არ საუბრობენ
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს, ედენ აზარსა და „სამეფო კლუბის“ თავკაცს, კარლო ანჩელოტის ურთიერთობა გაუფუჭდათ. The Athletic-ი ბელგიელ შემტევთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ედენსა და ანჩელოტის ურთიერთობა პრაქტიკულად არ აქვთ და ერთმანეთთან თითქმის არ საუბრობენ.
აზარი თვლის, რომ იტალიელმა სპეციალისტმა დააღალატა და მიცემული პირობა არ შეასრულა. ბელგიელი ვარსკვლავი შექმნილი ვითარებით იმედგაცრუებულია და მიაჩნია, რომ ანჩელოტი მას აიგნორებს. დეკემბრის ბოლოს, კარლომ განაცხადა, რომ სეზონის მეორე ნაწილში, ედენს მეტი სათამაშო დრო მიეცემოდა, მაგრამ ვეტერან ფეხბურთელს თავის გამოჩენის შანსი არ მიუღია.
The Athletic-ი „რეალის“ სამწვრთნელო შტაბის პოზიციაზეც წერს და აცხადებს, რომ ისინი აზარის იმედგაცრუებას ნორმალურ მოვლენად თვლიან, რადგან ასეთი ემოციები იმ ფეხბურთელებს ეუფლებათ, რომლებსაც სათამაშო დრო არ ეძლევათ. ედენის თანაგუნდელები ფიქრობენ, რომ აზარს არ გაუმართლა და „ბლანკოსის“ მწვრთნელების პოზიცია ამ მოსაზრებიდან გამომდინარეობს. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ედენი ნამდვილი პროფესიონალივით იქცევა და გასახდელში პრობლემებს არ ქმნის.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, აზარს მხოლოდ 7 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან საერთო ჯამში, მოედანზე 296 წუთი გაატარა და 1 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა.