მერაბი პიოტრ იანთან ჩხუბზე: „ბევრად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ბრძოლა“
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან გასამართ ჩხუბზე ისაუბრა. „მანქანა“ ყოფილ ჩემპიონს თბილისის დროით 12 მარტს დაუპირისპირდება და მერაბის თქმით, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო ორთაბრძოლა.
„ორი აზრი არაა, რომ შესანიშნავი ჩხუბი გველოდება. მოხარული ვარ, ოქტაგონზე ყოფილი ჩემპიონის წინააღმდეგ გასვლის საშუალება რომ მომეცა და ეს ჩვეულებრივი ბრძოლა არაა. გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო ჩხუბი, რადგან როგორც იცით, რუსეთს ჩემი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული აქვს და ჩემი ხალხისთვის უნდა ვიბრძოლო.
გვინდა თუ არა, რუსეთ-საქართველოს თემას თავს ვერ ავარიდებთ. მაქსიმუმი უნდა გავაკეთო, გავიმარჯვო და ჩემს ხალხს სიამაყის საფუძველი მივცე. მე და ჩემი გუნდი თავდაუზოგავად ვვარჯიშობთ და გვინდა, დავამტკიცოთ, რომ მასზე უკეთესი ვარ. იანი კარგი მებრძოლია, მაგრამ სულელია. წესები არ იცის და ეს მაშინ გამოჩნდა, როცა ჩემს მეგობარს, ალჯოს მუხლი სახეში ჩაარტყა. პიოტრმა UFC-ისა და შონ შელბის ჩემთან ჩხუბის გამართვა სთხოვა და არ მინდა, გამარჯვებულის ბედის გადაწყვეტა მსაჯებს მივანდო“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა.