5 წელია საუკეთესოთა შორისაა - SoloBasket-ის სტატია შერმადინზე
ცნობილმა საკალათბურთო პორტალმა, Solobasket.com-მა „ლენოვო ტენერიფეს“ ქართველ ცენტრს, გიორგი შერმადინს სტატია მიუძღვნა. მისმა ავტორმა „შერმინატორი“ შეაქო და განაცხადა, რომ თითქმის 5 წელია, იგი ლიგა ენდესას საუკეთესო მოთამაშეებს შორის იმყოფება.
„რამდენიმე კვირის წინ, ლენოვო ტენერიფე სატურნირო ცხრილის ლიდერი იყო. რა თქმა უნდა, ეს გუნდური მუშაობის დამსახურება გახლდათ, მაგრამ არის ერთი კალათბურთელი, რომლის წვლილიც სხვებზე მეტი იყო. საუბარი გიორგი შერმადინზე გვაქვს. ქართველი ცენტრი ჩუს ვიდორეტას გუნდის ლიდერია და საშუალოდ ყველაზე მეტ ქულას აგროვებს, თუმცა ეს სიახლეს არ წარმოადგენს. ტენერიფეში გადასვლის შემდეგ, შერმადინი მისაბაძი მაგალითია. გიორგიმ MVP-ის ჯილდო რამდენჯერმე დაისაკუთრა და 2 დღის წინ, თვის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს, რითიც ლეგენდარულ ტანოკა ბერდს გადაასწრო.
შერმადინი ლენოვო ტენერიფეს ისტორიის დასაწერად შეუერთდა. იგი გუნდისთვის ყოველთვის ყველაფერს აკეთებს და გულშემატკივრებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ლენოვო ტენერიფეში, მან მარსელინიო უერტასთან დუეტი ჩამოაყალიბა და თავდაპირველად შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ გუნდს მათი იმედი გრძელვადიან პერსპექტივაში არ უნდა ჰქონოდა, რადგან ორივე ვეტერანი კალათბურთელია, თუმცა შერმადინი-უერტასის წყვილი კვლავინდებურად ბრწყინვალედ თამაშობს.
გიორგი 2022-23 წლების სეზონში, ლიგა ენდესას ტოპ 5 კალათბურთელს შორისაა. 34 წლის ასაკში, სარგებლიანობის კოეფიციენტის გრაფაში 20-ის დაფიქსირება რთულია, მაგრამ შერმადინის დომინანტობიდან გამომდინარე, ვინ იცის, იქნებ მან ეს მიღწევაც გაიფორმოს. ამ წუთისთვის, გიორგი საშუალოდ 14 ქულასა და 5 მოხსნას აგროვებს, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 18.7-ია, რაც ლიგა ენდესაში მე-3 შედეგია. იგი მხოლოდ ტავარესსა და ევანსს ჩამორჩება. როგორც ყოველთვის, როგორც ყოველ წელს, დღეები გავა და შერმადინი მეტოქეებისთვის სამწამიანიდან ზიანის მიყენებას კვლავინდებურად ხმის ამოუღებლად გააგრძელებს“, - წერს ცნობილი გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „ლენოვო ტენერიფეს“ 14 მოგება და 4 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ „რეალსა“ და „ბარსელონას“ ჩამორჩება.