კაშია: „კვლავ მშიერი ვარ და ყოველთვის გამარჯვება მსურს“
გურამ კაშია სეზონის მეორე ნახევრისთვის „სლოვანთან“ ერთად ემზადება. 35 წლის ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მონდომებით ვარჯიშობს და მოტივაცია საერთოდ არ დაუკარგავს. ასევე, აღნიშნავს, რომ ასაკის გათვალისწინებით ვარჯიშისა და რეჟიმის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.
„თავისუფალი დრო ოჯახთან ერთად გავატარე, ცოტა ვიმოგზაურე. სახლში ბედნიერი ვარ, მაგრამ 2-3 კვირის შემდეგ ვარჯიში მენატრება. უფრო მეტიც, ფეხბურთს არ ვუყურებ, როგორც სამუშაოს, ჩემთვის ფეხბურთი გატაცებაა. მოუთმენლად ველოდი, ჩვეულ რითმს როდის დავუბრუნდებოდი.
რუსოვცეში ტყეში დავრბოდით, რაც გამოწვევა იყო და ძალიან კარგად არ მახსენდება. ვარჯიშისთვის ზამთარი ჩემი ფავორიტი დრო არაა. დღეში ორჯერ და ზოგჯერ დღეში სამჯერ ვვარჯიშობთ. ორი ვარჯიში მინდორზეა, ერთი კი - დარბაზში.
ზოგჯერ კომფორტული ზონიდან გადიხარ, მაგრამ საუკეთესო რაღაცები ამ გზით ხდება. სეზონის პირველ ნახევარში წარმატებული გამოსვლა უნდა გავაგრძელოთ და დასახულ მიზნებს მივაღწიოთ.
რაც წლები გემატება, ვარჯიში უფრო მეტად გჭირდება. ვარჯიშის გარდა, ასევე საჭიროა საკმარისი ძილი და მნიშვნელოვანია, როგორი ცხოვრების სტილი გაქვს. 35 წლის ვარ და უფრო მეტად უნდა ვივარჯიშო, ვიდრე 12 ან 13 წლის წინ ვაკეთებდი.
მონდომებული ვარ, „მშიერი“ ვარ, ვარჯიშებსა და მატჩებში ყოველთვის გამარჯვება მინდა. კონკურენტუნარიანი ვარ, ვარჯიშებზეც კი ვიწვევ თანაგუნდელებს. მე ჯერ კიდევ დიდი მოტივაცია მაქვს, როგორც „სლოვანში“, ასევე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში“.