ლეგენდარული მოჭადრაკე მაია ჩიბურდანიძე იუბილარია
დღეს გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკის მაია ჩიბურდანიძის დაბადების დღეა. მაია ჩიბურდანიძე 1961 წელს ქუთაისში დაიბადა. ლეგენდა 17 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ასევე ჭადრაკის დედოფალის ანგარიშზეა - მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადის ცხრაგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალთა შორის, ოთხგზის საჭადრაკო ოსკარის და ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი ჯილდოს "ოქროს პაიკის" მფლობელი, სხვადასხვა წლებში იყო ბრაშოვის, ბუდაპეშტის, ბად-კისინგენის, ბელგრადის და იაიცეს ქალთა საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული.
აღსანიშნავია, რომ მას მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა საერთაშორისო ტურნირებში: ბარსელონა, 1979, I-III ადგილი; ბაქო, 1980, VI ადგილი; ვინკოვცი, 1982, VI ადგილი; დორტმუნდი, 1983, IV ადგილი; დელი, 1984, I ადგილი; პოლიანიცაზდრუე, 1984, III ადგილი; ბანია-ლუკა, 1985, I ადგილი).
1980 წელს მონაწილეობდა სსრკ-ს ვაჟთა ჩემპიონატის I ლიგის ტურნირში, ხოლო 1984 წელს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა.
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის მფლობელ მსოფლიო დონის მოჭადრაკეს დამარცხებული ჰყავს დიდოსტატები: მ. ტაიმანოვი, ა. სუეტინი, ვ. ტუკმაკოვი, ვ. ანტოშინი, ე. გუფელდი, ე. ვასიუკოვი, ვ. კუპრეიჩიკი, მ. ჩანდლერი (ინგლისი), პომარი(ესპანეთი), ს. გარსია, ა. როდრიგესი (ორივე კუბა), ა. კულიგოვსკი (პოლონეთი) და სხვა.