„ნაპოლი სერია A-ში უძლიერესი გუნდია“ - რა თქვა ალეგრიმ მარცხის შემდეგ
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ერთ-ერთი კონკურენტი, „იუვენტუსი“ 5:1 გაანადგურა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, „ბებერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ ნეაპოლელებმა დამსახურებულად მოიგეს და დასძინა, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში უძლიერესი გუნდია.
რა თქვა ალეგრი
„პირველ რიგში, ნაპოლის ეს ბრწყინვალე თამაში უნდა მივულოცოთ. გოლების ეპიზოდში ენერგია დაგვაკლდა, პირველი 20 წუთის განმავლობაში, ძალიან უკან ვიყავით დახეული და მეორე გოლი კონტრშეტევის შედეგად მივიღეთ. შანსები გვქონდა და გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ფეხბურთი ესაა. ნაპოლის ყოველი დარტყმის შემდეგ, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გოლი შეიძლებოდა, გასულიყო და რაჰმანის დარტყმა ამის ნათელი მაგალითია.
დამსახურებულად წავაგეთ, რადგან მეტოქე ჩვენზე ენერგიულად თამაშობდა. პირველი ნახევრის მიწურულს, თამაშში დაბრუნება ვცადეთ, მაგრამ ნაპოლიმ გამარჯვება ნამდვილად დაიმსახურა. ეს არ ნიშნავს, რომ ცხვირი უნდა ჩამოუშვათ. შეგვიძლია, ზედიზედ მოპოვებული 8 გამარჯვებით ამაყი ვიყოთ და როგორც სერია A-ში, ისე თასზე, ბოლომდე ვიბრძოლოთ. როცა 1:5-ს აგებ, თავის გასამართლებელ მიზეზებს არ უნდა ეძებდე. ენერგია გვაკლდა და მე-3 გოლის შემდეგ, გავნადგურდით. ნაპოლი სერია A-ში უძლიერესი გუნდია და 47 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერი დამსახურებულადაა“.
შეგახსენებთ, რომ 18 ტურის შემდეგ, „პარტენოპეის“ 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. „კვარას“ გუნდს სერია A-ში მომდევნო შეხვედრა „სალერნიტანას“ წინააღმდეგ ელის და „ნაპოლის“ მოედანზე 21 იანვარს, თბილისის დროით, 21:00-ზე ვიხილავთ.