ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მცველებს მისი თამაში არ შეუსწავლიათ“ - რას ამბობენ იტალიაში ხვიჩაზე

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მნიშვნელოვან შეხვედრას უახლოვდება და პარასკევს „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება, რომელიც სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფება. „ბიანკონერისთან“ გასამართ მატჩამდე, იტალიური პრესის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა ხვიჩა კვარაცხელიაა და მასზე რამდენიმე ჟურნალისტმა ილაპარაკა.

მასიმილიანო ესპოზიტო (ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი): „არ მგონია, ხვიჩას რაიმე პრობლემა ჰქონდეს. ნაპოლის საწვრთნელ ბაზაზე რამდენჯერმე ვიყავი და გუნდში ჯანსაღი ატმოსფეროა, ფეხბურთელები კი ერთ მუშტად არიან შეკრული. კვარაცხელიამ ტრავმა წარსულში უნდა დატოვოს და თანაგუნდელების მსგავსად იმუშაოს“.

ჩირო ვენერატო (Rai-ის ჟურნალისტი): „რატომღაც დაგვავიწყდა, რომ კვარაცხელიას წელის პრობლემა ჰქონდა და საზარდული აწუხებდა. მართალია, ეს კუნთის ან მყესის გაწყვეტის მსგავსი ტრავმა არაა, მაგრამ ყველამ, ვისაც გამოუცდია, იცის, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ეს დაზიანება თავს გახსენებს. ქართველმა გენუაში უკეთ ითამაშა, ვიდრე ინტერთან გამართულ შეხვედრაში და ვფიქრობ, არასწორია იმის თქმა, რომ მცველებმა ხვიჩას თამაში შეისწავლეს. მაგალითს მოგიყვანთ: გარინჩა სულ ერთი და იმავე ცრუმოძრაობას აკეთებდა, მაგრამ მეურვეს ყოველთვის ატყუებდა. მესის შემთხვევაშიც იგივე ხდება და ლეოს ვერ იჭერენ“.

კლაუდიო ონოფრი (ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი): „კვარა იმ თამაშს ვერ აჩვენებს, რომელსაც შეგვაჩვია, მაგრამ აუცილებლად დაბრუნდება. მასზე საუბრისას ფრთხილი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ხვიჩა ახალგაზრდა ბიჭია. ახლა მასზეა დამოკიდებული, რომ გაითავისოს, როგორ ითამაშოს და იფიქროს მაშინ, როცა ფიზიკურად 100 პროცენტით მზად არაა. კვარაცხელია ფენომენალური ტალანტია, თუმცა ბოლო თამაშებში მისგან ეს არ გვინახავს“.

დომენიკო ლა მარკა (სპორტული იურისტი) : „კვარას მხოლოდ ერთი მომენტი სჭირდება, გოლი ან გადამწყვეტი თამაში, რათა გაიხსნას. არ მგონია, დიდი ხანი მოგვიწიოს ლოდინი, რათა ისევ ვიხილოთ ფეხბურთელი, რომელმაც სერია A-ს მიმდინარე სეზონის პირველ ნაწილში აღგვაფრთოვანა“.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ დაუხვდება, რომელსაც ზედიზედ 8 მოგება აქვს. შეხვედრა საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.   

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მწვავე პასები შეტევაში - დავითაშვილის ბორდო 10 კაცით ქულას დასჯერდა
მწვავე პასები შეტევაში - დავითაშვილის ბორდო 10 კაცით ქულას დასჯერდა