უნიკახას 25 ქულა ჩაუგდო - შერმადინის საოცარი მატჩი ყოფილ გუნდთან
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ საკუთარ მოედანზე „უნიკახას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 91:84 დაამარცხა.
ქართველმა ცენტრმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გამორჩული მატჩი ჩაატარა. შერმადინმა მოედანზე 29:51 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 25 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა.
შერმადინის ანგარიშზე 10-დან 8 ორქულიანი და 9-დან 9 საჯარიმოა, საბოლოოდ კი მარგი ქმედების კოეფიციენტი 36-ს გაუტოლდა, რითაც მატჩის MVP-იც გახდა.
15 ტურის შემდეგ, „ტენერიფე“ 11 მოგებითა და 4 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. შერმადინის გუნდს მომდევნო შეხვედრა 14 იანვარს, სტუმრად „სარაგოსას“ წინააღმდეგ ელის.