კატარი 2022, ლიონელ სკალონი
Aa
Aa

სკალონი ფინალის წინ: ფრანგებს მაქსიმალური ზიანი უნდა მივაყენოთ

ლიონელ სკალონიმ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ, პრესკონფერენცია გამართა და ისტორიულ მატჩამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

ემოციური არგენტინელი ქომაგების შესახებ

„ჩვენი ემოცია ჩვენი კულტურის ნაწილია, იმ ყველაფრის, რაც არგენტინაში იგრძნობა, როგორი ხალხიც ცხოვრობს. ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები და მათ სიხარული სჭირდებოდათ. ჩვენ მათ ამას ვაძლევთ. ფეხბურთი სპორტია, მაგრამ არგენტინაში ის სპორტზე მეტია. და ის, რომ ხალხი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ბედნიერია, ჩემთვის რაღაც მშვენიერია. ჩვენ ადამიანები ვართ და ისინი ამაღელვებელნი არიან“.

გეგმა საფრანგეთის წინააღმდეგ და მესის ბოლო თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე

„ჩვენს მატჩს ვამზადებთ იმის მიხედვით, თუ როგორ ითამაშებს მეტოქე და როგორ ვითამაშებთ ჩვენ. მესის შესახებ? იმედი ვიქონიოთ, რომ თუ ლეოს ბოლო თამაში იქნება, თასის მოგებას შევძლებთ. კარგი იქნებოდა და რაც მთავარია სასიამოვნო. და რა არის ამაზე უკეთესი სცენარი, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალით წასვლა.

ჩვენი მიზანი გამარჯვება და თასის აღმართვაა. ამის შემდეგ ვნახოთ, მე და ლეო შემდეგ ვისაუბრებთ“.

მესი VS მბაპე?

„ხვალინდელი თამაში არის არგენტინა საფრანგეთის წინააღმდეგ, ეს მესის და მბაპეს მიღმაა. ჩვენ ორივეს გვაქვს საჭირო იარაღი, რათა თამაშის ბედი სხვა მოთამაშეებმა გადაწყვიტონ და არა მხოლოდ ორმა მათგანმა“.

როგორ გააჩერებს არგენტინა მბაპეს?

„ეს უფრო გუნდური სამუშაოა, ვიდრე ინდივიდუალური. და არა მარტო მბაპე. იმის გარდა, რომ ის კარგი ფეხბურთელია, საფრანგეთს ჰყავს სხვა მოთამაშეები, რომლებიც მას ამარაგებენ და უკეთესადაც თამაშობენ. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და გააგრძელებს გაუმჯობესებას, ეს ეჭვგარეშეა”.

დი მარიას მდგომარეობა ფინალისთვის

„დი მარია კარგად არის, მას თამაში შეუძლია. ის უკვე ნორმალურად ვარჯიშობდა მთელი კვირის განმავლობაში და მატჩისთვის მზადაა“.

რომელ წყობას გამოიყენებს არგენტინა ფინალში?

„გუნდმა გადაწყვეტილება მიიღო. ახლა ბოლო ვარჯიში გვაქვს. საათნახევარში ან ორ საათში ისინი გაიგებენ შემადგენლობას. შეიძლება იყოს ნებისმიერი ორი ვარიანტიდან (5-3-2 ან 4-4-2). ჩვენი მიზანია მეტოქეს მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ და თავად ნაკლებად დავზარალდეთ. უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი გვაქვს“.

სკალონი და მისი ხედვა საფრანგეთზე

„ყველა გუნდი განსხვავებულია, არ არსებობს ორი ერთნაირი გუნდი. საფრანგეთს აქვს თავისი არსენალი და ჩვენ აქ ვართ კონკურენციის მიზნით. ეს არის ფინალი, რომელშიც ნებისმიერ შეცდომას შეუძლია შეცვალოს მატჩის ბედი და ვიმედოვნებთ, რომ შედეგი ჩვენს სასარგებლოდ იქნება“.

საუბარი გუნდთან

„ფეხბურთელებს ვესაუბრე და მადლობა გადავუხადე. აღელვებული ვარ, რადგან მათ ყველაფერი გაიღეს და მოედანზე მთელი გულით ითამაშეს. იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალ ეს ყველაფერი დაგვირგვინდება, თუ არა და იამაყონ იმით, რასაც მიაღწიეს. რადგან სიამოვნების დროა. მე ჩემი განვლილი გზით ვტკბები“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დეშამი ფინალის წინ: ხვალ არგენტინამ შეიძლება რაღაც განსხვავებული გააკეთოს
დეშამი ფინალის წინ: ხვალ არგენტინამ შეიძლება რაღაც განსხვავებული გააკეთოს