Aa
Aa

გამოკითხვის შედეგები - ვისი ხილვა სურთ ქომაგებს ნეიმარის შემცვლელად?

მადრიდულმა AS-მა გამოკითხვა ჩაატარა და გაარკვია, თუ ვის მიიჩნევდნენ "ბარსელონას" ქომაგები ნეიმარის საუკეთესო შემცვლელად.

გამოკითხვაში მონაწილეობა 40 ათასმა ადამიანმა მიიღო და ქომაგთა პოზიცია, გუნდის ხელმძღვანელთა პოზიციას საერთოდ არ დაემთხვა.

ყველაზე მეტი ხმა "იუვენტუსის" არგენტინელმა ფორვარდმა პაულო დიბალამ მიიღო, რომელსაც მხარი 13 ათასმა ადამიანმა დაუჭირა, რაც გამოკითხულთა 37%-ია.

მეორე ადგილზე მადრიდის "ატლეტიკოს" ლიდერი ანტუან გრიზმანი გავიდა, რომელმაც 10 ათასი ხმა (27%) მიიღო.

მესამე ადგილს კილიან მბაპე იკავებს, რომელმაც, უკვე განაცხადა, რომ "მონაკოს" დატოვება სურს. "ბარსელონასთან" ერთად, მისი შეძენის სურვილს მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" გამოთქვამენ. ფრანგი ტალანტის გამოსასყიდი თანხა 150-დან 200 მილიონამდეა.

მოულოდნელად, მეოთხე ადგილზე გავიდა ფელიპე კოუტინიო, რომელიც "ბარსას" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. როგორც ჩანს, ქომაგები მისით დიდად მოხიბლულნი არ არიან.

თავად "ბლაუგრანას" ბოსებს კი განსხვავებული მოსაზრება აქვთ. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, კოუტინიოსთან ერთად ისინი უპირატესობას დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელს უსმან დემბელეს ანიჭებენ.

თავადაც ხედავთ, რომ გულშემატკივრებმა მოწინავე სამეული იმ მოთამაშეებით დააკომპლექტეს, რომლებიც გუნდის ხელმძღვანელთა მთავარ სამიზნეს ჯერჯერობით არ წარმოადგენს.

ესპანური მედიის ცნობით, "ბარსელონა" 2 ფეხბურთელის დამატებას გეგმავს. ისინი, ამის გაკეთებას 13 აგვისტომდე აპირებენ, რომ გუნდი ელ კლასიკოსთვის სრული შემადგენლობით იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები