„კადისი მექვაბიშვილის შეძენით ინტერესდება“ - რუმინული პრესა
ესპანურმა „კადისმა“ გასულ წელს იური ტაბატაძე, ბოლო დღეებში კი გიორგი გოჩოლეიშვილი გაიფორმა. ამჯერად, მათი სამიზნე ანზორ მექვაბიშვილია.
რუმინული Digi Sport-ის ცნობით, ტრანსფერი მზადდება. ესპანელები „უნივერსიტატია კრაიოვასთან“ მოლაპარაკებებს იწყებენ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველით ისეთი გუნდები იყვნენ დაინტერესებულნი, როგორებიცაა ათენის აეკ-ი და „ხეტაფე“, ახლა კი რბოლაში კიდევ ერთი გუნდი ჩაერთო.
ესპანური პრესის თანახმად, ლა ლიგა 2-ის ბინადარი „კადისი“ ის გუნდია, რომელსაც ანზორ მექვაბიშვილის დამატება სურს. მე-2 ლიგაში 3 წლის გატარების შემდეგ, ანდალუსიური გუნდის მიზანი პირველ დივიზიონში დაბრუნებაა და ამიტომ მზადაა, დაიმატოს მოთამაშეები, რომლებსაც მიზნის მიღწევაში სერიოზული წვლილის შეტანა შეუძლიათ.
მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ გასარკვევია, განხორციელდება თუ არა ეს ტრანსფერი იმ ფონზე, როცა რუმინეთის ჩემპიონმა ცოტა ხნის წინ ანზორის 5 მილიონ ევროდ გაყიდვაზე უარი თქვა. მეორე მხრივ, „კადისის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ტეო ბონგონდაა, რომელიც კლუბში 2022 წელს „გენკიდან“ 3 მილიონ ევროდ მივიდა.
შესაძლო წასვლამდე, ანზორი „უნივერსიტატია კრაიოვას“ რიგებში ევროპა ლიგის პლეი-ოფში „არარატ-არმენიას“ წინააღმდეგ განმეორებით საპლეიოფო მატჩსაც ითამაშებს. პირველი შეხვედრა რუმინეთში ფრედ 1:1 დასრულდა.