ბრუნო ფერნანდეში, პორტუგალიის ფეხბურთელთა ნაკრები, ურუგვაის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ბრუნო ფერნანდეშის დუბლი - პორტუგალიამ ურუგვაი დაამარცხა

კატარში მიმდინარე მუნდიარზე მეორე ტურის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. H ჯგუფის მეორე მატჩში Lusail Iconic Stadim-ზე პორტუგალიის ნაკრები ურუგვაის შეხვდა დამაჯერებლად, 2:0 გაიმარჯვა.

ფერნარდუ სანტუშის გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში აკონტროლებდა სიტუაციას და დამსახურებულადაც გაიმარჯვა, ამაში ლომის წვლილი კი ბრუნო ფერნანდეშმა დაიდო, რომელმაც ურუგვაის კარში დუბლი შეასრულა.

ბრუნომ ანგარიში 54-ე წუთზე გახსნა, თუმცა უნდა ითქვას, რომ გოლი გარკვეულწილად კურიოზულიც გამოდგა. 26 წლის ნახევარმცველი კრიშტიანუ რონალდუს უკეთებდა გადაცემას და ამ უკანასკნელმაც თავით სცადა როჩეტის კარისკენ ბურთის გადაგზავნას. თავდაპირველად, გამოჩნდა, რომ კრიშტიანუ ბურთს შეეხო და გოლიც მას ჩაეწერა, თუმცა მოგვიანებით, გამეორებაზე დეტალურად ნახვის შემდეგ გოლი ბრუნო ფერნანდეშს ჩაეთვალა.

26 წლის ნახევარმცველმა მატჩის მიწურულს მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც ზუსტად თავადვე შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. საგულისხმოა, რომ შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ბრუნოს ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული ძელს მოხვდა.

2 ტურის შემდეგ პორტუგალია H ჯგუფის სატურნირო ცხრილში 6 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მომდევნო ეტაპზე თამაშიც განაღდებული აქვს. მეორე პოზიციაზე 3 ქულით განას ნაკრები იმყოფება, მესამე-მეოთხე ადგილებს კი სამხრეთ კორეისა და ურუგვაის ნაკრებები თითო-თითო ქულით ინაწილებენ.

დასკვნით ტურში პორტუგალიის ნაკრები სამხრეთ კორეას შეხვდება, ურუგვაი კი განას დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა 2 დეკემბერს, საქართველოს დროით 19:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5-გოლიანი დრამა - განამ სამხრეთ კორეა მაინც დაამარცხა
5-გოლიანი დრამა - განამ სამხრეთ კორეა მაინც დაამარცხა