წარმატებული გამოსვლა: ბაზაძის ოქრო მსოფლიო თასზე
მსოფლიო თასზე, ხმლით ფარიკაობაში, ქართველმა სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში ქართველმა მოფარიკავემ იტალიელი ლუიჯი სამელე 15:13 დაამარცხა.
რაც შეეხება ბაზაძის მიერ ფინალამდე განვლილ გზას, ტურნირის საწყის ეტაპზე სანდრო ბაზაძემ ეგვიპტელი მაზენ ელარაბი დაამარცხა (15:9), 1/16-ფინალში იტალიელი გალო მიკელეს ბარიერი დაძლია (15:10). მერვედფინალში სანდრო ბაზაძემ ფრანგ ჟან-ფილიპ პატრისს აჯობა - 15:9.
მეოთხედფინალურ ეტაპზე სანდრო ბაზაძის მეტოქე სამხრეთ კორეის წარმომადგენელი კუ ბონ გილი იყო, სანდრომ დამაჯერებლად გაიმარჯვა - 15:3. ნახევარფინალში სანდრო ბაზაძესა და ეგვიპტელ ზიად ელ სისის შორის დაძაბული ორთაბრძოლა გაიმართა, საბოლოოდ ბაზაძემ იმარჯვა - 15:13.
შეგახსენებთ, მსოფლიო თასის გათამაშებას ალჟირმა უმასპინძლა.