"რეალმა" ერნანდესი წარადგინა
მადრიდის „რეალმა“ გუშინ ტეო ერნანდესი მედიას წარუდგინა. თინეიჯერმა განაპირა მცველმა „ბლანკოსთან“ 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდში 15 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„გილოცავ! შენ „რეალის“ ფეხბურთელი ხარ და ამიერიდან მისი ღირსება შენი ნიჭით მოედანზე და ადამიანობით მის გარეთ უნდა დაიცვა.
შენ უდიდეს გუნდს შეუერთდი, რომელსაც 12 „ჩემპიონთა თასი“ აქვს მოგებული და გეძლევა საშუალება მის ისტორიაში ჩაეწერო.
ეს გულშემატკივრები ყოველთვის შენ გვერდით იქნებიან და შენ მათთვის და მათი კლუბისთვის შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა აჩვენო“. - უთხრა ფლორენტინო პერესმა „რეალის“ 19 წლის ახალწვეულს.
„დიდი მადლობა პრეზიდენტო! მადლობა გულშემატკივარს და კლუბის თითოეულ წევრს, რომელთაც ასე თბილად მიმიღეს.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოვხვდი და დარწმუნებული ვარ მასთან ერთად არაერთ ტიტულსაც მოვიგებ. ჰალა მადრიდ“! - მიესალმა „რეალსა“ და მის ფანებს ერნანდესი.
„სამეფო კლუბმა“ ფრანგი ფეხბურთელი „ატლეტიკოსგან“ 26 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.