სებასტიან ალე
Aa
Aa

ალეს პირველი ინტერვიუ: „თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, დიაგნოზის მოსმენა მძიმე იყო“

„დორტმუნდის“ ფეხბურთელმა, სებასტიან ალემ, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ, სიმსივნე დაუდგინდა, ESPN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ისაუბრა. ალემ განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და ნელ-ნელა ძველ ფიზიკურ კონდიციებსაც იბრუნებს.

„დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, რომელიც არა მხოლოდ ბოლო პერიოდში, არამედ ბოლო სეზონების განმავლობაში მივიღე. ეს ძალიან დამეხმარა და სხვებს მხარში ყოველთვის უნდა დავუდგეთ. დახმარება ყველას სჭირდება და თუ ასე მოვიქცევით, მსოფლიო უკეთესი ადგილი გახდება.

როცა დორტმუნდთან კონტრაქტი გავაფორმე, ყველაფერი კარგად იყო. ჩემი ოჯახის წევრები და ნაცნობები შექმნილი ვითარებით გახარებული იყვნენ, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. არაკომფორტული შეგრძნება დამეუფლა და მუცელში რაღაც ვიგრძენი, რის შემდეგაც ყველაფერი ძალიან, ძალიან, ძალიან სწრაფად განვითარდა. დილის 9 საათზე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩამიტარეს და მითხრეს, რომ რაღაც დაინახეს, რაც დამატებით გამოკვლევებს საჭიროებდა. ეგონათ, რომ სიმსივნური წარმონაქმნი იყო და ბიოფსიის ჩატარება გადაწყდა. 24 საათის განმავლობაში უამრავი გამოკვლევა ჩამიტარდა და მოგვიწია, ქირურგიულ ჩარევას დავლოდებოდით, რათა დაზუსტებით გაგვეგო, საქმე რასთან გვქონდა. ბიოფსიის შემდეგ, ეს დიაგნოზი დამისვეს და ძალიან იღბლიანი ვარ, რომ სიმსივნეს აღმოჩენა ასე სწრაფად მოხდა.

დიაგნოზის შემდეგ, პირველი, რაზეც ვფიქრობდი, კლუბი იყო და ჩემს თავს ვეუბნებოდი: „კარგი რა, 10-14 დღეა, აქ ვიმყოფები და ჯერ დორტმუნდის მაისურით არც მითამაშია“. როცა დეტალებს ჩაუღრმავდები, მიხვდები, რომ ასეთ დროს არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. ამ დიაგნოზის მოსმენა და საყვარელი ადამიანებისთვის იმის თქმა, რომ სიმსივნე გაქვს, ურთულესი იყო. ჩემი მეუღლე შოკირებული გახლდათ, მაგრამ დედაჩემი უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან დედა ხომ მაინც დედაა... ჩემს ძმებსა და დებს დავურეკე და ვთხოვე, მასთან ყოფილიყვნენ, რათა მას თავი მარტოდ არ ეგრძნო და ყველაფერს შედარებით მარტივად გამკლავებოდა.

ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. სახლში დაბრუნების პირველივე დღიდან, სიარული დავიწყე და სპორტდარბაზსაც ვესტუმრე. ფიზიკური კონდიციების მხრივ, იმ დონეზე ვიმყოფები, რომელზეც რამდენიმე თვის წინ ვიყავი და ეს კარგი ნიშანია. იმედი მაქვს, წინსვლას გავაგრძელებ და მინდა, ადამიანებს, რომლებმაც მხარდაჭერა გამომიცხადეს, დიდი მადლობა გადავუხადო. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ კარგად ვარ და მაქსიმუმი გავაკეთო, რათა სამედიცინო შემოწმებები ყველამ გაიაროს“.

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდის“ ფეხბურთელს სათესლე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინდა და ქიმიოთერაპიის კურსის გავლა მოუწია. ალე თავს კარგად გრძნობს და იმედი ვიქონიოთ, მოედანს მალე დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელია და მამარდაშვილი საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანენ“ – ESPN-ის კომენტატორი
„კვარაცხელია და მამარდაშვილი საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანენ“ – ESPN-ის კომენტატორი