„მიხვდა, რომ სერია A რთული ჩემპიონატია“ - რას წერენ იტალიაში ხვიჩაზე
სერია A-ს მე-3 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა. მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 60 წუთი გაატარა, თუმცა თავი ვერაფრით გამოიჩინა. შეხვედრის შემდეგ, „პარტენოპეის“ თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ „კვარა“ გააკრიტიკა და დღეს, ხვიჩას ასპარეზობა იტალიურმა გამოცემებმაც შეაფასეს.
La Gazzetta dello Sport: „მესამე შეხვედრაში კვარამ ჩვენი ჩემპიონატის დონე შეიგრძნო და იწყებს იმის გააზრებას, რომ სერია A მარტივი არაა. უნდა ისწავლოს უფრო აგრესიული როგორ იყოს და ლოსანოს საგოლე პასი გაუკეთა, მაგრამ მან შანსი გაანიავა“.
Corriere dello Sport: „გუნდისთვის ბევრი ვერაფერი გააკეთა. როცა ბურთი ჰქონდა, დრიბლინგს ცდილობდა, მაგრამ დოდო სწრაფია და მისი შეჩერება მოახერხა. ეს მატჩი არ ჰგავდა შეხვედრებს, როცა მარადონაზე ცეცხლი დაანთო, მაგრამ მოედნის დატოვებამდე ლოსანოს მიმართულებით იდეალური ჩაწოდება განახორციელა“.
Il Mattino: „დოდომ გამოწვევა მიიღო და მას კარგად გაუმკლავდა. კვარაცხელია ბურთს საჭიროზე მეტხანს იჩერებდა და თავისი თამაშის პოვნას ცდილობდა“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას „ლეჩეს“ წინააღმდეგ გამართავს და „ჯალორისის“ 31 აგვისტოს დაუპირისპირდება.