სუონსი, ბრისტოლ სიტი
Aa
Aa

"ამ ჟესტმა აზრი დაკარგა" - 2 ინგლისური კლუბი მატჩის წინ მუხლს აღარ მოიდრეკს

უკვე 3 წელზე მეტია სპორტში Black Lives Matter-ის აქციის ფარგლებში მატჩების წინ, სპორტსმენები მუხლს იდრეკენ და ამით რასიზმის წინააღმდეგ წამოწყებულ საპროტესტო კამპანიას უერთდებიან, თუმცა ბევრისთვის ამ ჟესტმა დიდი ხანია აზრი დაკარგა და უბრალო რუტინად იქცა.

Daily Mail-ის ცნობით, ინგლისში 2 კლუბი ახალი სეზონიდან მატჩების წინ დაჩოქებას აღარ აპირებს. საუბარია „სუონსსა“ და „ბრისტოლ სიტიზე“.

„ჩვენ ფეხბურთელებს 100%-ით ვუჭერთ მხარს. ჩვენი მოთამაშეების ჯგუფი ძალიან იმედგაცრუებული იყო რის უილიამსის სიტუაციით (ლივერპულიდან იჯარით გადასულ მოთამაშეს გასულ სეზონში ლუტონის გულშემატკივრებმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს).

ისინი გრძნობენ, რომ მუხლს იდრეკენ, შემდეგ დგებიან და აკეთებენ განცხადებას და ამას ძალიან მცირე გავლენა აქვს. ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ ამ ჟესტმა აზრი დაკარგა. ეს მათი გადაწყვეტილებაა და ჩვენ მათ ამაში სრულად ვუჭერთ მხარს. ისინი ფიქრობენ, რომ ეს რაღაც სიმბოლურ ჟესტად იქცა",

- თქვა „სუონსის“ მწვრთნელმა რასელ მარტინმა.

„ბრისტოლმა“ გამოაცხადა, რომ ისინიც უერთდებიან ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ტაშს დაუკრავენ მოწინააღმდეგე მოთამაშეებს, რომლებიც გადაწყვეტენ გააგრძელონ აქცია რასიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მეტი ამ თემაზე

ორი წლის წინ, „კრისტალ პალასის“ შემტევი ვილფრიდ ზაჰა პირველი ფერადკანიანი მოთამაშე იყო, რომელმაც ამ ჟესტის გაკეთებაზე უარი განაცხადა და მისი გადაწყვეტილება ასე ახსნა:

„ჩემი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ვაცნობე. არ არსებობს სწორი, ან არასწორი გადაწყვეტილება, მაგრამ პირადად მე ვთვლი, რომ მუხლებზე დაჩოქება მატჩის წინა რუტინის ნაწილი გახდა. ამ ეტაპზე არ აქვს მნიშვნელობა მუხლებზე ვართ, თუ არა - ზოგიერთები კვლავ განაგრძობენ ძალადობას.

ვიცი, რომ პრემიერლიგასა და სხვა ორგანიზაციებში კულისებს მიღმა დიდი სამუშაო ტარდება, რათა ცვლილებების შეტანა მოხდეს. ამ ყველაფერს მე დიდ პატივს ვცემ. ასევე პატივს ვცემ ჩემ თანაგუნდელებსა და სხვა ადამიანებს, რომლებიც კვლავ განაგრძობენ მუხლებზე ყოფნას.

როგორც საზოგადოებამ, ვფიქრობ, რომ ჩვენ სკოლებში უკეთესი განათლების სისტემა გვჭირდება და სოციალური მედიის კომპანიებმა უფრო მკაცრი სახე უნდა მიიღონ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ძალადობას ინტერნეტის საშუალებით ახორციელებენ, არა მხოლოდ ფეხბურთელების მიმართ.

მე ფეხზე დგომას განვაგრძობ“.

- განაცხადა ზაჰამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეფე ითამაშებს“ - რონალდუ მოედანს უბრუნდება
„მეფე ითამაშებს“ - რონალდუ მოედანს უბრუნდება