გია გეგუჩაძე, ლაზარე კუპატაძე
Aa
Aa

''მის გეგმებში აღარ ვჯდებოდი'' - კუპატაძე გეგუჩაძესთან შეხვედრაზე

CrystalSport-ის ცნობით, ბათუმის ''დინამოსა'' და ლაზარე კუპატაძეს შორის თანამშრომლობა შეწყდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონში აღარ ითამაშებს.

ლაზარე კუპატაძე CrystalSport-ს ესაუბრა.

ლაზარე კუპატაძე: ''მთავარ მწვრთნელს შევხვდი. გია გეგუჩაძემ მითხრა, რომ შენით მადლიერი ვარო, გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადამიხადა. ამიხსნა, რომ მის სამომავლო გეგმებში აღარ ვჯდებოდი. მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენი ხედვები არ დაემთხვა და თანამშრომლობა შევწყვიტეთ. ბათუმის ''დინამოს'' წარმატებებს ვუსურვებ''.

''ასევე მინდა აღვნიშნო, რომ არჩილ ბერიძესთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს მასთან რაიმე კონფლიქტი მქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება. კლუბს წარმატებებს ვუსურვებ''.

ლაზარემ ''სლოვანთან'' საპასუხო მატჩზეც ისაუბრა, როცა ბათუმის ''დინამო'' დრამატულ შეხვედრაში დამატებულ დროში დამარცხდა.

''სლოვანთან'' ერთ წუთში დატრიალდა ყველაფერი. მე ასე ვუყურებ, სადაც ვარ და წარუმატებლობაა, ჩემი ბრალია. თუ მე ვიყავი, ვთამაშობდი და ვერ მოვიგეთ, აბა ვისი ბრალია? პასუხისმგებლობას არასდროს გავურბივარ. ესაა ფეხბურთი, ერთ წამში შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს''.

26 წლის ფეხბურთელი ბათუმის ''დინამოში'' 2021 წლიდან თამაშობდა, აჭარული გუნდის რიგებში კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში 51 მატჩი ჩაატარა. გასულ სეზონში ბათუმის ''დინამოსთან'' ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ლაზარეს ასევე უთამაშია ''საბურთალოში'' (2013-15, 2017-18, 2019-20), თბილისის ''ლოკომოტივსა'' (2015-16) და ლუქსემბურგულ ''ჟენესში'' (2019). 2018 წელს ''საბურთალოსთან'' ერთად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის ''დინამო'' ბრატისლავას ''სლოვანთან'' ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხდა, შემდეგ კონფერენს ლიგაზე გადაერთო, სადაც პოზნანის ''ლეხმა'' პირველ მატჩში აჭარული გუნდი 5:0 გაანადგურა. საპასუხო შეხვედრა ბათუმში 28 ივლისს გაიმართება, თუმცა ამჯერად, ბათუმის ''დინამო'' ლაზარე კუპატაძის გარეშე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''კონფლიქტი არ არსებობს'' - ბერიძემ კუპატაძესთან დაკავშირებით ისაუბრა
''კონფლიქტი არ არსებობს'' - ბერიძემ კუპატაძესთან დაკავშირებით ისაუბრა