„შესანიშნავი ხასიათი აქვს და გამბედავია" - Corriere dello Sport-ის ჟურნალისტი ხვიჩაზე
ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, Corriere dello Sport-ის ციფრული ვერსიის დირექტორმა, პასკუალე სალვიონემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ცნობილი ჟურნალისტი სტუმრად პროგრამა რადიო „1 Football Club”-ში იმყოფებოდა და განაცხადა, რომ „კვარას“ გამორჩეული ხასიათი აქვს.
„სიმართლე გითხრათ, მისმა ტექნიკურმა შესაძლებლობებმა კი არა, ხასიათმა და გამბედაობამ გამაოცა, რომლებითაც ქართველი ფეხბურთელი მოედანზე გადის. სითამამე და სურვილი, რომ მეტოქე სისტემატურად გამოიწვიოს, კვარას შესანიშნავ ხასიათს იდეალურად ასახავს. ამას მისი ტალანტი ემატება და შედეგად, სერია A-სთან ადაპტაცია ძალიან ძნელი არ უნდა იყოს“.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ქართველმა ფეხბურთელმა Il Mattino-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ „პარტენოპეის“ თავკაცი, ლუჩანო სპალეტი ძალიან ეხმარება. ხვიჩას თქმით, იტალიელი სპეციალისტი შესანიშნავი მასწავლებელია და ყოველთვის ცდილობს, რომ თავისი სათქმელი ფეხბურთელებამდე იდეალურად მიიტანოს.
ცნობისთვის, „ნაპოლიმ“ პირველი შეკრება დიმაროში გამართა. კვარაცხელიამ „პარტენოპეის“ მაისურით ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და პირველ მატჩში 2 გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო მეორე დაპირისპირებაში გოლით გამოირჩა. La Gazetta dello Sport-ის ცნობით, „პარტენოპეის“ თავკაცი, ლუჩანო სპალეტი „კვარას“ თამაშით მოხიბლულია და მის განვითარებაზე ზრუნავს.