იპონი 23 წამით ადრე - საბა სამადაშვილი ევროპის ჩემპიონია
Aa Aa
24 ივნისი 2022  |  19:39

იპონი 23 წამით ადრე - საბა სამადაშვილი ევროპის ჩემპიონია

ხორვატიის ქალაქ პორეცში კადეტ ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მეორე დღეს, ფინალში ასპარეზობის უფლება ორმა ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა და ოქროს მედლის დასაკუთრების შანსი საბა სამადაშვილმა და გიორგი მიშველიძემ მიიღეს.

საბა -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის და პირველი მისი ფინალური დაპირისპირება გაიმართა. სამადაშვილის მეტოქე ფრანგი კილიან ნოელი გახლდათ და ახალგაზრდა ქართველმა შეხვედრის დასრულებამდე 23 წამით ადრე მოპოვებული იპონით იმარჯვა. გიორგი მიშველიძე კი ტატამიზე რამდენიმე წუთში გავა.

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, სამადაშვილმა პორტუგალიელ როდრიგო ჟანეიროს ავასატე-იპონით სძლია და მესამე წრეში გავიდა, სადაც სლოვაკი ურ ორგიზეკი იპონით დაამარცხა. 1/4-ფინალში სამადაშვილმა ტურნირის პირველ ნომრად განთესილი იტალიელი ფედერიკო ნინფოს იპონით აჯობა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ნიჯათ ნაღიევს შანსი არ დაუტოვა და ფინალში გავიდა.

ცნობისთვის, 25 ივნისს, ვაჟების -81, -90, +90 და გოგონების -70, +70 კილოგრამ წონით კატეგორიებს ვიხილავთ, 26 ივნისს კი გუნდური შეჯიბრება გაიმართება. ხვალ ტატამიზე მათე ჩაფურიშვილი, ნოდარ ალაფიშვილი, თამაზ ბიგანაშვილი და ლიზი ქვარცხავა გავლენ.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში