„ქულების აღება სხვადასხვა გზით შეუძლია“ - ნატალია ოთხმეზურის ახალი გუნდი ცნობილია
Aa
Aa

„ქულების აღება სხვადასხვა გზით შეუძლია“ - ნატალია ოთხმეზურის ახალი გუნდი ცნობილია

ქართველი კალათბურთელი, ნატალია ოთხმეზური კარიერას „აიონას“ კოლეჯის საკალათბურთო გუნდში გააგრძელებს. „აიონა გაელსი“ მეტრო ატლანტიკის კონფერენციაში ასპარეზობს და გასული სეზონი 11 მოგებითა და 16 წაგებით დაასრულა. 2022-23 წლების სეზონის დაწყებამდე, „აიონამ“ 4 კალათბურთელი დაიმატა და ერთ-ერთი მათგანი ნატალია გახლავთ.

„ოთხმეზური ქულების აღებაზე ორიენტირებული უკანახაზელია, რომელსაც NCAA-ის პირველ დივიზიონში თამაშის გამოცდილება აქვს. მან კასპერის კოლეჯში ორი სეზონი გაატარა, შემდეგ კი სამხრეთ იუტას კოლეჯში გადავიდა და პირველი ქართველი ქალი კალათბურთელი გახდა, რომელმაც NCAA-ის პირველ დივიზიონში იასპარეზა. სამხრეთ იუტას მაისურით მან ერთი სეზონი ჩაატარა და საშუალოდ 6.8 ქულასა და 1.7 მოხსნას აგროვებდა. 10-ქულიან ნიშნულს იგი 7 მატჩში გადაცდა და სეზონის საუკეთესო შედეგი 25 ქულა იყო, რომლის მოპოვებისას 6 სამქულიანი ჩააგდო“, - ნათქვამია „აიონა გაელსის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ნატალია ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი კალათბურთელია, რომელიც ოდესმე დაგვიმატებია. იგი აბსოლუტურად ყველაფერში, რასაც აკეთებს, კონკურენტუნარიანია და ეს კალათბურთისადმი მის მიდგომაზე პირდაპირ აისახება. მისი ენერგია, შესაძლებლობა, რომ ქულები სხვადასხვა გზით აიღოს და მოგებაზე ორიენტირებული დამოკიდებულება ჩვენი პროგრამისთვის შესანიშნავი დანამატია“, - აცხადებს „გაელსის“ მთავარი მწვრთნელი, ბილი ჩემბერსი.

ცნობისთვის, „აიონამ“ მეტრო ატლანტიკის კონფერენცია მე-8 ადგილზე დაასრულა და მხოლოდ 3 გუნდს გაუსწრო, თუმცა აღსანიშნავია, რომ „გაელსი“ მეოთხეადგილოსან „ნიაგარას“ მხოლოდ 4 მოგებით ჩამორჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ დავიჭერ, ბრძოლაც დასრულდება
„თუ დავიჭერ, ბრძოლაც დასრულდება" - ევლოევი თოფურიაზე