ერთა ლიგა, ვილი სანიოლი
Aa
Aa

მატჩის წინ | დააკარგვინებს თუ არა სანიოლის პირობა ბულგარეთის მწვრთნელს ადგილს

5 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათიდან, სრული ყურადღება Huvepharma Arena-სკენ მიიმართება, რომელიც ბულგარეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და სადაც მასპინძელი ქვეყნისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ციკლის ეგიდით გაიმართება.

დაპირისპირების მასპინძელი სტადიონი 10 254 ადამიანს იტევს და ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე დაახლოებით 5-ჯერ მცირე ტევადობის არის. აქ საშინაო მატჩებს ლუდოგორეცი ატარებს, რომელიც 2001 წელს დაარსდა და 2012 წელს, ქვეყნის  ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, თუმცა საწყის ეტაპზევე ზაგრების დინამოს წინააღმდეგ დამარცხდა.

,,მაქვს ერთი კარგი გეგმა: ივნისში ოთხივე მატჩი მოვიგო, სექტემბერში კი კიდევ ორი", - ეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთვარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის სიტყვებია. რამდენადაც მცირეა  Huvepharma Arena-ს ტევადობა, იმდენად პრინციპულია მატჩი, რაზეც ფრანგი სპეციალისტის ფრაზაც მეტყველებს.

 ,,გულშემატკივარს მოვუწოდებთ მხარი დაგვიჭირონ უმნიშვნელოვანესი მატჩში, საქართველოს წინააღმდეგ, 5 ივნისს", - წერს ბულგარეთის საფეხბურთო გაერთიანება.

მატჩზე დასასწრები ბილეთის ყველაზე მცირე ფასი 12 ბულგარული ლევია, რაც დაახლოებით 19 ლარია. ხელმისაწვდომია 18 და 24 ბულგარული ლევის ღირებულების ბილეთებიც, რაც 28-37 ლარს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ  გულშემატკივარს VIP ადგილი სურს, 60 ბულგარული ლევის გადახდა მოუწევს, რაც მიახლოებით, 93 ლარია.

პრობლემები საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე 

საქართველოსგან განსხვავებით, ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებში სახარბიელო მდგომარეობა არ არის. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ (1-1) დასრულდა, ნაკრების მთავარი მწვრთნელი,  იასენ  პეტროვი ფედერაციის წარმომადგენლებმა დაიბარეს. მათ ბულგარელი სპეციალისტისგან ახსნა-განმარტებები მოისმინეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. განიმარტა, რომ პირველ ტურში მოპოვებული 1 ქულა მხოლოდ იღბლის დამსახურება იყო და ბულგარეთის ნაკრები სასურველ დონესთან ახლოსაც არაა.

საინტერესოა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩზე ნაკრების ლიდერებმაც ისაუბრეს. როგორც ირკვევა, მატჩის ღამეს ხუთმა ფეხბურთელმა ბულგარეთის ეროვნული გუნდის ასპარეზობაზე სასტუმროში ილაპარაკა და პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელა. მათი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ნაჩვენებმა თამაშმა დაადასტურა, რომ ტრიუმფი რთულად მისაღწევია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოსთან ან გიბრალტართან წარუმატებლობის შემთხვევაში, დიდია შანსი, პეტროვს ნაკრების დატოვება მოუწიოს.

,,სალაპარაკო არაფერია, მოედანზე უნდა გავიდეთ და საქართველოს მოვუგოთ", - განაცხადა ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი

✅  53 წლის იასენ პეტროვსა და 45 წლის ვილი სანიოლს ნაკრებებში თითქმის თანაბარი მატჩები აქვთ ჩატარებული.

ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებში პეტროვი 2021 წლის 14 იანვრიდან მუშაობს და ამ დრომდე მისი ფორმაციის ბულგარეთის ნაკრებმა 16 მატჩი გამართა, მათ შორის: 3 გამარჯვება / 5 ფრე / 8 მარცხი, ვილი სანიოლმა კი ჩვენს გუნდში მუშაობა 2021 წლის 15 თებერვლიდან დაიწყო, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად 15 მატჩი გამართა და პეტროვზე  უკეთესი სტატისტიკა და გამარჯვების მეტი მაჩვენები აქვს. მათ შორის: 6 გამარჯვება, 2 ფრე და 7 მარცხი.

✅  იასენ პეტროვის დანიშვნის შემდეგ, ბულგარეთი ძირითადად 4-2-3-1 ფორმაციით თამაშობს, გუნდს უთამაშია 4-4-2 სისტემითაც, მაგალითად, უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც ფრედ - 1-1 დასრულდა.

✅  ბულგარეთის ნაკრების ჯამური ღირებულება 24.50 მილიონი ევრო, საქართველოს ჯამური ღირებულება კი 55.85 მილიონი ევროა, რაც მეტოქეზე 2-ჯერ მეტია.

ურთიერშეხვედრების სტატისტიკა

სხვადასხვა დროს, საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებები ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ, აქედან 4 მატჩი ოფიციალური იყო, ხოლო 2 - საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა. საქართველოს ნაკრების სტატისტიკა ბულგარეთის წინააღმდეგ ასეთია: გამარჯვება - 1, ფრე -1, მარცხი - 4.

შეიძლება ითქვას, რომ ბულგარეთი ჩვენი გუნდისთვის უხერხული მეტოქეა.

სხვადასხვა დროს, 6 მატჩში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 7 გოლის გატანა შეძლო, საპასუხოდ კი 19 მიიღო. აღნიშნული 6 მატჩიდან 2005 და 2009 წელს ჩატარებული შეხვედრები იდენტური ანგარიშით - 6-2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა გამარჯვების მოპოვება 1995 წლის 12 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე შეძლო, როდესაც ალექსანდრე ჩივაძის ნაკრებმა მეტოქე შოთა არველაძისა (პირველივე წუთზე) და გიორგი ქინქლაძის თერთმეტმეტრიანით დაამარცხა (2-1).

იქამდე, 1994 წლის ოქტომბერში მეტოქემ ორი უპასუხო გოლი 55-ე და 61-ე წუთებზე გაგვიტანა (2-0), შემდეგ კი ამხანაგური შეხვედრაც შედგა, რომელიც 2005 წელს, სოფიაში გაიმართა და უხვგოლიანი გამოვიდა. მატჩში 8 გოლი გავიდა და ექტორ რაულ კუპერის საქართველოს ნაკრების მარცხით, ანგარიშით - 6-2 დასრულდა. საქართველომ ორივე გოლი მატჩის მიწურულს, 84-ე (ლაშა ჯაკობია) და 89-ე (გოგიტა გოგუა) წუთებზე გაიტანა.

შემდეგ იყო 2008 წლის  მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. მატჩი, რომელიც დინამო არენაზე შედგა და  35 250 გულშემატკივარი დაესწრო, ნულოვანი ფრით დასრულდა (0-0).

ნაკრებები 2009 წელს, ასევე  მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში შეხვდნენ, რომელიც კვლავ უხვგოლიანი გამოვიდა და იდენტური ანგარიშით - 6-2 დასრულდა. საქართველოს ნაკრებიდან გოლები 34-ე წუთზე, ვლადიმერ დვალიშვილმა და 51-ე წუთზე, ლევან კობიაშვილმა (პენალტი) გაიტანეს.

ბოლოს, ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებების ისტორიაში მეორე ამხანაგური მატჩი, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, გასულ წელს გაიმართა, სადაც გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა, სადებიუტო გოლი ზურიკო დავითაშვილმა, 77-ე წუთზე გაიტანა. მატჩში 5 გოლი გავიდა და ჩვენი ნაკრების მარცხით, ანგარიშით - 4-1 დასრულდა.

შეხვედრის არბიტრები და პირდაპირი რეპორტაჟი

ბულგარეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩს მთლიანად იტალიელი არბიტრები მოემსახურებიან. დაპირისპირების მთავარი მსაჯი სერია ა-ს მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი ფაბიო მარესკაა, რომელსაც ასისტენტობას  ჯოვანი ბაჩინი და მარკო ბრესმე გაუწევენ, მეოთხე მსაჯის ფუნქციას კი ფრანჩესკო ფურნო შეითავსებს.

პარალელურად VAR-ი, იგივე ვიდეოგამეორება, მთლიანად იტალიელების განკარგულებაში იქნება.

ფაბიო მარესკა 41 წლის არის და წარმოშობით ნეაპოლელია, 1997 წლიდან მსაჯობს, ევროტურნირებზე კი 2020 წლიდან გამოჩნდა. მარესკა იტალიის სერია ა-ში პირველია, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ვიდეორეფერის გამოყენებით დანიშნა. მატჩი ტურინში, იუვენტუსსა და კალიარის შორის შედგა და ანგარიშით - 3-0 დასრულდა.

იტალიის სერია ა-ს მატჩებში ფაბიო მარესკასთვის კონფლიქტი უცხო არ არის. სხვადასხვა დროს მას დაძაბული ურთიერთობა ინტერის მაშინდელ მთავარ მწვრთნელთან, ანტონიო კონტესთან და ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ჰქონდა.

 

აღსანიშნავია, რომ ბულგარეთში 100-მდე ქართველი გულშემატკივარი იმყოფება და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უშუალოდ სტადიონიდან გაამხნევებს. გულშემატკივრის ნაწილი ბულგარეთში ეროვნულ ნაკრებთან ერთად 3 ივნისს გაემგზავრა, ნაწილი კი გრძელ გზას ავტობუსით გაივლის.

მათთვის კი, ვინც პირდაპირი რეპორტაჟის იმედადაა დარჩენილი, 5 ივნისს, 22:45 საათიდან, შეხვედრის ხილვა საქართველოს პირველ არხზე შეეძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დინამო ბათუმის პრეზიდენტი ნეაპოლში ჩავა - მიზანი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვიჩას შენარჩუნებაა
დინამო ბათუმის პრეზიდენტი ნეაპოლში ჩავა - მიზანი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვიჩას შენარჩუნებაა