ჩავი 8 ტრანსფერს და 10-12 ფეხბურთელის გაყიდვას ითხოვს
ჩავის უნდა, რომ „ბარსამ“ ზაფხულში 8 ფეხბურთელი იყიდოს და 10-12 ფეხბურთელი გამოუშვას.
კატალონიელთა თავკაცი და კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა უახლოეს საათებში შეხვდებიან ერთმანეთს და გუნდის რესტრუქტურიზაციის შესახებ ისაუბრებენ. ჩავიმ 8 ახალწვეული ითხოვა და შეადგინა 10-12 მოთამაშის სია, რომელთა ნახვაც მას გუნდში აღარ სურს.
შეხვედრას „ბარსელონას“ დირექტორი მატეუ ალემანი, კლუბის პრეზიდენტის მრჩეველი ჟორდი კრუიფი და ვიცე პრეზიდენტი რაფა იუსტე დაესწრებიან.
მოთამაშეები, რომელთა ნახვაც ჩავის გუნდში სურს, ასე გამოიყურება: სეზარ ასპილიკუეტა და მარკოს ალონსო, ცენტრალური მცველი ანდრეას კრისტენსენი, ნახევარმცველები ფრენკ კესი და რუბენ ნევეში, გარემარბი რაფინია და ცენტრფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი.
ზოგიერთი მოთამაშის შესახებ მოლაპარაკებები უკვე მოწინავე ეტაპზეა. კერძოდ, ესენი არიან კრისტენსენი და კესი, რომლებიც „ბარსაში“ თავისუფალი აგენტების სტატუსით გადადიან. ზოგიერთ მათგანზე კატალონიელები მოლაპარაკებებს კლუბებთან აწარმოებენ. ეს ეხება ასპილიკუეტას და ალონსოს, რომელთა უფლებები „ჩელსის“ ეკუთვნის. ყველა სხვა ტრანზაქცია დამოკიდებულია „ბარსელონას“ ფინანსურ შესაძლებლობებზე.
სამშაბათს დირექტორთა საბჭოს სხდომაზე, „ბარსელონა“ გეგმავს გადადგას ნაბიჯები, რომლებიც გააუმჯობესებს კლუბის ფინანსურ მდგომარეობას და შეცვლის ვითარებას FFP-ის შესაბამისობაში, რათა შესაძლებელი გახდეს ახალწვეულთა რეგისტრაცია.
ჩავი უკვე გაესაუბრა ფეხბურთელებს, რომელთა იმედიც არ აქვს. ის პირადად შეხვდა მეკარე ნეტოს, მცველებს სამუელ უმტიტის, ოსკარ მინგესას, კლემენ ლენგლეს, ნახევარმცველ რიკი პუჩს, გარემარბს ადამ ტრაორეს და ფორვარდებს მარტინ ბრაითვეიტსა და ლუკ დე იონგს.
ტრაორე და დე იონგი დაბრუნდებიან თავიანთ კლუბებში, „ვულვზში“ და „სევილიაში“.
„ბარსელონას“ სიაში ასევე ოთხი მოთამაშეა, რომელთა მომავალი გაურკვეველი რჩება. ეს არის უსმან დემბელე, რომელსაც კონტრაქტი ეწურება. მას ჯერ არ გადაუწყვეტია გააფორმებს თუ არა ახალ ხელშეკრულებას კატალონიელებთან. გარდა ამისა, „ბარსა“ მზადაა განიხილოს წინადადებები ფრენკი დე იონგის, მემფის დეპაისა და სერჟინიო დესტის თაობაზე, თუ ისინი საინტერესო შეთავაზებებს მიიღებენ.
ამ ყველა გეგმას ჩავი ლაპორტს მომავალ შეხვედრაზე წარუდგენს, წერს ესპანური Sport-ი.