ძალოსნობა, შოთა მიშველიძე, გოგა ჩხეიძე
Aa
Aa

ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო - შოთა მიშველიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს საქართველოს სახელით ფიცარნაგზე ორი ქართველი ძალოსანი, შოთა მიშველიძე და გოგა ჩხეიძე წარსდგნენ.

ატაცში, გოგა ჩხეიძემ პირველ ცდაზე 131 კგ ასწია, მეორე მისვლაზე 134 კგ-ს შეეჭიდა, რაც ასევე წარმატებული აღმოჩნდა, დასკვნით ცდაზე კი 137 კილოგრამს მოერია და აღნიშნულ კატეგორიაში მონაწილეებს შორის მე-4 ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება შოთა მიშველიძეს, 26 წლის ძალოსანმა გამოსვლა 135 კგ-ის აწევით დაიწყო, მეორე ცდაზე 139 კგ, მესამე მისვლაზე კი 142 კგ-ის დაძლევა შეძლო და ატაცში პირველობა არავის დაუთმო.

ქართველმა ძალოსნებმა აკვრის კატეგორიაშიც დამაჯერებლად იასპარეზეს. გოგა ჩხეიძემ პირველ მისვლაზე ჯერ 155 კილოგრამი ასწია, შემდეგ 159 კილოგრამს შეეჭიდა წარმატებით, მესამე ცდაზე კი ტრავმის გამიზეზების გამო 163 კგ-ის დაძლევა ვეღარ შეძლო. საბოლოოდ, გოგამ კატეგორია მე-6 ადგილზე დაასრულა.

შოთა მიშველიძემ აკვრაში გამოსვლა არადამაჯერებლად დაიწყო. 67 კგ წონითი კატეგორიის ერთ-ერთი ფავორიტი პირველ მისვლაზე 164 კგ-ს ვერ გაუმკლავდა, მეორე მისვლაზე 165 კგ-ს ვერ მოერია, დასკვნით ცდაზე კი ამავე 165-ს მაინც გაუმკლავდა და ამ კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

საბოლოოდ, ორჭიდის ჯამში მიშველიძემ 307 კგ დააფიქსირა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, გოგა ჩხაიძემ კი 296 კგ-ით ასპარეზობა უმედლოდ, მე-4 ადგილზე დაასრულა.

დღეის მონაცემებით, საქართველოს დელეგაციას 4 სხვადასხვა სინჯის მედალი აქვს მოპოვებული - 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო, აქედან სამი შოთა მიშველიძის ანგარიშზეა, ერთი კი გოდერძი ბერდელიძის, რომელმაც 29 მაისს ატაცში ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.

ხვალ, საქართველოს სახელით ფიცარნაგზე 73 კგ წონით კატეგორიაში კახი ასანიძე წარსდგება. ახალგაზრდა ძალოსანის გამოსვლა საქართველოს დროით 22:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვერცხლის მედალი ატაცში - ბერდელიძის წარმატებული სტარტი ევროპის ჩემპიონატზე
ვერცხლის მედალი ატაცში - ბერდელიძის წარმატებული სტარტი ევროპის ჩემპიონატზე