ძალოსნობა, რამინი შამილიშვილი
Aa
Aa

მე-4 ადგილი სამივე კატეგორიაში - შამილიშვილს ბრინჯაომდე 1 კგ დააკლდა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს საქართველოს სახელით კიდევ ერთი სპორტსმენმა რამინი შამილიშვილმა იასპარეზა, რომელმაც ძალები 61 კგ წონით კატეგორიაში მოსინჯა.

ახალგაზრდა ძალოსანმა ატაცში სამი ცდის შემდეგ 127 კგ ასწია და საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. შამილიშვილმა პირველ ცდაზე 121 კგ დამაჯერებლად დაძლია, მეორე მისვლაზე 126 კგ-ს ვერ გაუმკლავდა, დასვკნით აწევაზე კი 127 კგ-ს აწევა შეძლო. ქართველი ძალოსანი, აღნიშნულ კატეგორიაში მესამე ადგილზე გასულ თურქ ფერდი ჰარდალს 4 კილოგრამით ჩამორჩა, მეორე ადგილზე გერმანელი სიმონ ბრანდჰუბერი გავიდა - 134 კგ, ოქროს მედალი კი ბულგარელმა ივან დიმოვმა მოიპოვა - 135 კგ.

რაც შეეხება აკვრას, მეორე კატეგორიაში შამილიშვილმა პირველ ცდაზე 145 კგ-ს წარმატებით შეეჭიდა, მეორე მისვლაზე 151 დაძლია, ბოლო ცდაზე კი 157 კოლოგრამის დაძლევა ვერ შეძლო და კატეგორია მე-4 ადგილზე დაასრულა. აკვრაში პირველი ადგილი 157 კგ-ით ბულგარელმა გაბრიელ მარინოვმა დაიკავა, მეორე ადგილზე 156 კგ-ით გერმანელი იონ ლუკე მაუ გავიდა, მესამე პოზიციაზე კი 152 კგ-ით ასევე გერმანელი სიმონ ბრანდჰუბერი აღმოჩნდა, რომელმაც ქართველ ძალოსანს მხოლოდ 1 კილოგრამით აჯობა.

საბოლოოდ, რამინი შამილიშვილმა ორჭიდის ჯამში 278 კგ-ის დაფიქსირება მოახერხა და საერთო ჩათვლაშიც მე-4 ადგილი დაიკავა. საპრიზო ადგილები კი ასე გადანაწილდა: ოქროს მედალი - ივან დიმოვი (ბულგარეთი) – 286 კგ; ვერცხლის მედალი - სიმონ ბრანდჰუბერი (გერმანია) – 286 კგ; ბრინჯაოს მედალი - გაბრიელ მარინოვი (ბულგარეთი) – 279 კგ. აქაც, ბულგარელმა ძალოსანმა შამილიშვილს მხოლოდ 1 კილოგრამით აჯობა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს სახელით კიდევ ერთმა ძალოსანმა, გოდერძი ბერდელიძემ იასპარეზა, რომელმაც ატაცში 114 კგ-ის დაძლევით ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო, თუმცა ასპარეზობა ორჭიდის ჯამში შედეგის გარეშე დაასრულა, რადგან აკვრაში სამივე ცდა ჩააგდო.

ხვალ, საქართველოს სახელით ფიცარნაგზე კიდევ ორი სპორტსმენი წარსდგება. 67 კგ წონით კატეგორიაში ძალებს შოთა მიშველიძე და გოგა ჩხეიძე მოსინჯავენ. ქართველი ძალოსნების გამოსვლა საქართველოს დროით 22:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი აღიარება - ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ გიორგი ასანიძე დააჯილდოვა
დიდი აღიარება - ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ გიორგი ასანიძე დააჯილდოვა