დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

„ამას ვერც კი წარმოვიდგენდი“ - დავით ნინიაშვილის ინტერვიუ

ქართველი მორაგბეების, დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის „ლიონმა“ ჩელენჯ თასის ფინალურ შეხვედრაში „ტულონი“ დაამარცხა. „ლიონმა“ გადამწყვეტი შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და მეტოქეს 30:12 სძლია.

ქართველი მორაგბეებიდან ფინალურ შეხვედრაში მხოლოდ დავით ნინიაშვილმა ითამაშა და მეტოქეს ერთი ლელოც დაუდო, თუმცა ვიდეო-რეფერის ჩარევის შემდეგ, სამწუხაროდ, აღნიშნული ლელო გაუქმდა.

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქართველ მორაგბესთან ჩაწერილი ინტერვიუ ვრცელდება, სადაც ნინიაშვილი ჩემპიონობისგან გამოწვეულ ემოციებზე საუბრობს:

„აქ რომ ჩამოვედი ვერც კი წარმოვიდგენდი პირველ გუნდში თუ მომიწევდა თამაში და მით უმეტეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ „ლიონთან“ ერთად ფინალს თუ ვითამაშებდი და ჩელენჯ თასს ავწევდი. უზომოდ ბედნიერი ვარ. ეს გამარჯვება მთელი გუნდის დამსახურებაა. „ლიონი“ შეკრული კოლექტივია და ფინალისთვის მაქსიმალური მობილიზებით ვემზადებოდით. კარგად შევისწავლეთ მეტოქის სუსტი მხარეები, შესაბამისი ტაქტიკა შევარჩიეთ და ამან გაამართლა“.

ქართველმა მორაგბემ არჩათვლილ ლელოზეც ისაუბრა:

„ეს მომენტი მთელი ცხოვრება მემახსოვრება! ჭკუის სასწავლებელი ეპიზოდი იყო და არასდროს დამავიწყდება. ძალიან გავმწარდი ლელო რომ არ ჩაითვალა, თუმცა მეტი სტიმული და მოტივაცია მომცა, რათა უკეთ მეთამაშა, შეცდომა აღარ დამეშვა და ლელო დამემსახურებინა. ნერვიულობას და ფიქრს რომ ავყოლოდი, ზუსტად ვიცოდი კარგს არაფერს მომიტანდა. ამიტომ ეს ეპიზოდი პირველ ტაიმში დავტოვე და მეორე ტაიმი ნულიდან დავიწყე, თითქოს აქამდე არც არაფერი მომხდარა“.

აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ, ნინიაშვილს ლელოს დადების კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, თუმცა მეტოქემ მას ბურთზე ხელი ჩაურტყა, რის გამოც მსაჯმა ტექნიკური ლელო დადო.

დავით ნინიაშვილმა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბის, ჩესლინ კოლბის წინააღმდეგ ითამაშა და შეიძლება ითქვას, რომ მას პირწმინდად აჯობა:

„ვიცოდი, რომ ჩემს წინ მსოფლიოს ჩემპიონი, თავად ჩესლინ კოლბი იდგა და ამან ჩემს თამაშზე დიდი გავლენა იქონია. მოედანზე ისეთი მოტივაციით გავედი, რომ მისთვის უნდა მეჯობნა, მაქსიმუმი გამეღო მის შესაჩერებლად, თუნდაც მოედანზე მოვმკვდარიყავი“.

ნინიაშვილს არ ავიწყდება თანაგუნდელი ბექა საღინაძე და დარწმუნებით ამბობს, რომ ამ წარმატებაში მისი წვლილი უდიდესია:

 „ბექამ მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში ძალიან მაგრად ითამაშა, საუკეთესო იყო მოედანზე და ამიტომ, როგორც ფინალში გასვლაში, ასევე თასის მოგებაში, მისი დამსახურება ძალიან დიდია. მის გარეშე გადამწყვეტ მატჩში შესაძლოა საერთოდ არც გვეთამაშა“.

მომზადებულია „რაგბის კავშირის“ ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრანგული მედია: აბჟანდაძე კარიერას მონტობანში გააგრძელებს
ფრანგული მედია: აბჟანდაძე კარიერას მონტობანში გააგრძელებს