ნაპოლი რებიჩით ინტერესდება - კვარას ახალი კონკურენტი?
ცნობილი იტალიური გამოცემა sportmediaset-ი ახალი სეზონისთვის „მილანისა“ და „ნაპოლის“ სატრანსფერო გეგმებზე წერს და საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რაც ავტომატურად ხვიჩა კვარაცხელიასთანაც არის კავშირში.
წყაროს ცნობით, „ნაპოლი“ ლორენცო ინსინიეს წასვლის შემდეგ, მის პოზიციაზე ახალ მოთამაშეებს ეძებს. ნეაპოლელები უკვე დაუკავშირდნენ ჟერარ დეულოფეუს, რომელიც „უდინეზეს“ ღირსებას იცავს და ასევე ანტე რებიჩს, რომელსაც „მილანიდან“ წასვლის სურვილი აქვს.
ხორვატი ბოლო დროს რაფაელ ლეაოს საოცარი თამაშიდან გამომდინარე მოედანზე იშვიათად ჩნდებოდა და მომდევნო სეზონიდან გუნდის შეცვლა აქვს გადაწყვეტილი.
რებიჩის მიმართ ინტერესს რამდენიმე გერმანული და ინგლისური კლუბიც იჩენს, თუმცა მისი დამატებით „ნაპოლიც“ არის დაინტერესებული.
აღსანიშნავია, რომ sportmediaset-ს არ უხსენებია ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ნეაპოლელებმა უკვე გაიფორმეს და ქართველი სწორედ ინსინიეს პოზიციაზე მოიაზრება. თუმცა, როგორც ჩანს, სპალეტის გუნდი ლიდერის დაკარგვის შემდეგ, მის შემცვლელად მხოლოდ ერთ მოთამაშეს არ გამოიყენებს და „კვარას“ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად დიდი ბრძოლა მოუწევს.