„ნამდვილი ჩხუბი მისცეს და ნახეთ, რაც დაემართა“ | ნეით დიაზი ილიაზე
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ნეით დიაზმა ილია თოფურიას გასაკრიტიკებლად შანსი ხელიდან არ გაუშვა. დიაზს ჰკითხეს, სურს თუ არა ჯასტინ გეიჯისა და „ელ მატადორის“ მეორე დაპირისპირების ხილვა და ნეითის თქმით, თოფურია პირველივე რეალურ ჩხუბში დამარცხდა.
„ილია ძალიან ცუდი ტიპია. დასარტყამ ტომარას მეძახდა, ახლა კი დასარტყამი ტომარა თვითონაა და ძალიან მაგრად სცემეს. კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი კონორ მაკგრეგორის მსგავსად, ილიაც დიდ მოვლენად წარმოაჩინეს.
თოფურია ხელოვნურად გაბერეს და ეს მანამდე გააკეთეს, სანამ მას ნამდვილ ჩხუბში გამოცდიდნენ. მას სწორედ ეს პრობლემა გაუჩნდა, როდესაც ჯასტინ გეიჯისთან ნამდვილი ჩხუბი გამართა. ახლა კი შეხედეთ მას, ყველამ ნახეთ, რაც დაემართა“.
ნეით დიაზს კარიერაში 35 ორთაბრძოლა აქვს გამართული — მის ანგარიშზე 21 გამარჯვება და 14 მარცხია. დიაზმა კარიერის უდიდესი გამარჯვება 2016 წელს იზეიმა, როდესაც UFC 196-ზე კონორ მაკგრეგორი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. 2019 წელს მან სიმბოლური BMF-ის საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბა, მაგრამ ხორხე მასვიდალთან წააგო.
დიაზმა UFC-ში ბოლო ჩხუბი 2022 წელს გამართა და ტონი ფერგიუსონი „გილიოტინით“ დააფინიშა. UFC-დან იგი კრივში გადავიდა და ჯეიკ პოლსა და ხორხე მასვიდალს ეჩხუბა, 2026 წლის მაისში კი MVP MMA-ში მაიკ პერის დაუპირისპირდა, რომელთანაც ორ რაუნდში წააგო.
რაც შეეხება ილიას, „ელ მატადორს“ ისეთი მეტოქეები ჰყოლია, რთულია დიაზის განცხადება არგუმენტით განამტკიცო. თოფურიას ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა ჰყავს დაფინიშებული და იოლი მოწინააღმდეგეები არც მანამდე ჰყოლია.