"არსენალმა" სეად კოლაშინაცი დაიმატა
ლონდონის "არსენალმა" თავისუფალი აგენტის სტატუსით გერმანული "შალკეს" განაპირა მცველი, სეად კოლაშინაცი დაიმატა.
"მეთოფეებმა" აღნიშნული გარიგება ოფიციალურად დღეს დაადასტურეს. განცხადებაში წერია, რომ კოლაშინაცი კლუბთან გრძელვადიან კონტრაქტს ივლისის თვეში გააფორმებს.
23 წლის კოლაშინაცი ამპლუით მარცხენა მცველია, თუმცა ფლანგის ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში. მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი შეტევებში ეფექტურად ჩართვაა.
ფეხბურთელს გერმანიის ასაკობრივ ნაკრებებში აქვს ნათამაშები, მაგრამ როცა საქმე ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაზე მიდგა, მშობლიური ქვეყანა - ბოსნია აირჩია, რომლის ღირსებაც უკვე 18 თამაშში დაუცავს.